მთავარისაქართველოჟურნალისტური ეთიკის ქარტია - დადგეს ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – დადგეს ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს ვერ დაიცვა ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან, ასევე ვერ უზრუნველყო მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის ფაქტების უმრავლესობა, არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა.

მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას”,- ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში, რომელსაც ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ავრცელებს ორგანიზაცია.

ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისთან, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

ოპერატორი 22 ივლისს დილას, საკუთარ სახლში დედამ ნახა გარდაცვლილი. ამ დროისთვის მისი სხეული ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მოთხოვნებია:

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;

დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ ორგანიზატორებიც;

ეფექტურად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის 50-მდე ფაქტზე რეაგირება;

დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მოკვლევა;

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები;

დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend