ცარიელი და დადუმებული ქუჩები…
უკვე 6 თვეზე მეტია საქართველოს ქალაქებისა და სოფლების ქუჩები ღამის საათებში ცარიელია.
კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ქვეყანაში გადაადგილებაზე შეზღუდვა 9 ნოემბრიდან მოქმედებს.
ამ დროის განმავლობაში, ზოგიერთს ე.წ.-მა „კომენდანტის საათმა“ დისკომფორტი შეუქმნა.
ახლა კი მოქალაქეები უკვე იმ ემოციას იხსენებენ, რომელიც მაშინ დაეუფლათ, როდესაც ქვეყანაში გადაადგილებაზე შეზღუდვა გამოცხადდა.
“ევრონიუს ჯორჯიამ” თბილისის ქუჩებში მოქალაქეები გამოკითხა:
[br]„ეს ნიშნავდა ისეთ რეალობაში ცხოვრებას, რაც აქამდე არ გვქონია, თუმცა, ვფიქრობ, იოლად მოვახდინეთ, ყველამ ერთად, ადაპტაცია“;
„ძალიან რთული იყო, იმიტომ, რომ თითქმის ჩემი ცხოვრების ნახევარი წამართვა, ასე ვთქვათ, და მომიწია განრიგის აბსოლუტურად გადაწყობა“;
„ზოგადად, შეზღუდვის განცდა ყოველთვის ცუდია, ცოტა პანიკური შეტევა კი მქონდა, მაგრამ შევეგუეთ ყველაფერს“;
„გარკვეულწილად გაგებით მოვეკიდეთ, ამას მაინც ლავირება სჭირდება. არ შეიძლება, ერთი და იგივე შეზღუდვა დიდხანს გაგრძელდეს“;
“შინაური ცხოველი მყავს და ყოფილა, მაგალითად, შემთხვევა, როდესაც საღამოს გასეირნება იყო საჭირო, ან აფთიაქში სასწრაფოდ იყო ჩასვლა საჭირო და ეს ყველაფერი დამაბრკოლებელი იყო“;
„იყო გადაადგილებაზე პრობლემები, ზოგს, იყო პერიოდი, აფთიაქი გვინდოდა, ვერ გავდიოდით, თავდაპირველად დიდი შიში გამოიწვია“, – ამბობენ მოქალაქეები.
თითქმის შვიდთვიანი ლოდინი პირველ ივლისს დასრულდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა სწორედ ამ დღეს მოიხსნება.
თუმცა, აქამდე იყო გამონაკლისებიც. ე.წ. „კომენდანტის საათი“ ამ პერიოდის განმავლობაში გამონაკლისის სახით რამდენჯერმე მოიხსნა. მათ შორის, არჩევნებსა და ზოგიერთ დღესასწაულზე. გადაადგილების შეზღუდვა საქართველო-ესპანეთს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროსაც შემსუბუქდა. თუმცა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებსაც მატჩის ბილეთები ჰქონდათ.
„მინდა, დღეს მიღებული გადაწყვეტილება გაცნობოთ. პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა როგორც რიგითი მოქალაქეების, ისე ბიზნეს სექტორის მიერ. მოქალაქეები კი ახლა უკვე იმაზე საუბრობენ, რა შეიცვლება მათთვის პირველი ივლისიდან.
„ახლა ზაფხულია, რაღაც მგონია, რომ ბევრად უფრო თავისუფლებას მოგვიტანს“
„სასიამოვნოა, იმიტომ, რომ ზაფხულია, დაცხა, რაც შეიძლება გვიან გვინდა, რომ სახლში ავიდეთ, იმიტომ, რომ სახლში ძალიან ცხელა, გარეთ უფრო შეგიძლია გაერთო“,
„ზოგადად, ვფიქრობ, ეკონომიკის სფეროსთვის ძალიან კარგი იქნება“
„ახლა ნელ-ნელა დავუბრუნდებით ჩვენს ჩვეულ რეჟიმს“, – აცხადებენ მოქალაქეები.
ე.წ. „კომენდანტის საათის“ მოხსნის მიუხედავად, კვლავ ძალაში რჩება რამდენიმე შეზღუდვა. თუმცა, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს მალე დაუბრუნდებიან.
ანა ალელიშვილი