მთავარისაქართველოროგორ ემზადება ტურისტული სექტორი ზაფხულისთვის

როგორ ემზადება ტურისტული სექტორი ზაფხულისთვის

გუგა ნებიერიძე უკვე დიდი ხანია ელის საზღვრების გახსნას. ის საკუთარი მანქანით ხშირად მოგზაურობს, როგორც საქართველოს გარშემო ისე მეზობელ ქვეყნებში. ამბობს, რომ მეგობრებთან ერთად უკვე გეგმავს თურქეთში გამგზავრებას.

“შეზღუდვა, რა თქმა უნდა, ძალიან შემაწუხებელი იყო. მეგობრებთან ერთად ვაპირებდი თურქეთში წასვლას. წესით იქ ჩემს მეგობრებს კონცერტი უნდა ჰქონოდათ და საკმაოდ საინტერესო ერთი კვირა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ამ შეზღუდვების გამო ძალიან დიდი პრობლემა გახდა ერთად მოგზაურობა. იმედი მაქვს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველაფერი უფრო მარტივი იქნება”, – ამბობს გუგა ნებიერიძე.

ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი გუჯა ნარიმანაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ საქართველოს მხრიდან სახმელეთო საზღვრების გახსნა არ არის საკმარისი. ამიტომ რამდენიმე ქვეყანაში ჯერჯერობით ვერ ხერხდება რეგიონული ტურების მოწყობა.

[br]”რუსეთში ჯერ კიდევ მოქმედებს 27 მარტის გადაწყვეტილება, რის გამოც რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება არ შეუძლიათ.  ასევე ჩაკეტილია აზერბაიჯანი. დღეს რეალურად ორმხრივი საზღვარი გახსნილი გვაქვს სომხეთთან და თურქეთთან”, – ამბობს გუჯა ნარიმანაშვილი.

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, კვების ობიექტები უქმე დღეებში უკვე შეძლებენ მომხმარებლების  დახურულ სივრცეში მიღებას.

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი, შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ასე კიდევ უფრო გაუმარტივდებათ ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების მიღება.

“ეს, რა თქმა უნდა, არის დამატებითი შესაძლებლობა, როგორც ბიზნესისთვის, ეკონომიკისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებიც ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად ქვეყანაში მრავლად არიან. ასეთი სწორად გადადგმული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს”, -აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი, შოთა ბურჯანაძე.

ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, უმჯობესია თუ ვიზიტორებს თან ჯანმრთელობის დაზღვევა ექნებათ, რომელიც ფარავს კოვიდ-19-ის მკურნალობის ხარჯებს.

მათი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, უცხოელმა ვიზიტორებმა მკაცრად უნდა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend