მთავარისაქართველო„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის 

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირიდან ჩაერთვება.

საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. ხატია დეკანოიძის თქმით, პარტია საპარლამენტო რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებით ისარგებლებს.

„ჩვენ არ ვაპირებთ „ქართულ ოცნებასთან“ ძალაუფლების გადანაწილებას, ჩვენთვის მთავარია, რომ რეალურად რეჟიმი შეირყეს და ჩამოინგრეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე და საპარლამენტო საქმიანობა გამოვიყენოთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენი პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია იბრძოლებს იმისათვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს რაც შეიძლება მალე და ვადამდელ არჩევნებზე ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნებით“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

 
„ნაციონალურ მოძრაობაში“ პარლამენტში შესვლაზე მსჯელობა მას შემდეგ მიმდინარეობდა, რაც პოლიტიკოსებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

[br]ამ შეთანხმების მიხედვით, ნიკა მელიას ციხე უნდა დაეტოვებინა, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო საქმიანობა გაეგრძელებინათ.

პარტიაში საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა 30 მაისს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ევროკავშირის მედიაციით გაფორმებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.

„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს გონივრულ ვადაში არ მოაწერს, პარტიის წევრები მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მოსამზადებლად არის შექმნილი, ან მომავალში შეიქმნება.

„შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებას უსათუოდ თავისი ლოგიკური შედეგები ექნება. უპირველეს ყოვლისა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მოსამზადებლად არის შექმნილი, ან მომავალში შეიქმნება. გარდა ამისა, თუ შარლ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს. დარწმუნებულნი ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოოდ ამ შემთხვევაშიც მოუწევს უკან დახევა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

საკანონმდებლო ორგანოს გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოშიც იწყებენ მუშაობას.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend