მთავარისაქართველოსადავო კანონპროექტი - გამკაცრებული ადმინისტრაციული სახდელი და ჯარიმები

სადავო კანონპროექტი – გამკაცრებული ადმინისტრაციული სახდელი და ჯარიმები

საქართველოს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამტკიცებული ცვლილებები კრიტიკის საგანია.

კანონის ახალი რედაქცია არ მოსწონთ არც ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებში და არც სახალხო დამცველის აპარატში.

ცვლილებების მიხედვით, გამკაცრდა სანქციები რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

გაიზარდა პატიმრობის ვადები და ჯარიმების ოდენობა.

სამოქალაქო სექტორში ფიქრობენ, რომ ადმინისტრაციულ კანონში შეტანილი ცვლილებები საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, რადგან კანონის ამ მუხლებით ხშირად მოქალაქეებს სწორედ შეკრებისა და მანიფესტაციების დროს ასამართლებენ.

წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა უფრო მკაცრად დაისჯება.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მიიღო. თუკი აქამდე წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენი პირი 500-დან 1000 ლარამდე თანხით ჯარიმდებოდა, ახლა ეს ჯარიმა 1500-დან 2000 ლარამდე იქნება.

სამართალდამცველის დაუმორჩილებლობა კი 2000-დან 3000-მდე ლარით დაჯარიმდება.

სასჯელი მკაცრდება დანაშაულის ხელახლა ჩადენის შემთხვევაშიც.

“სანქციებისა და ჯარიმების გაზრდა, ასევე ადმინისტრაციული დაკავების ვადის გახანგრძლივება პრობლემურია. ეს სერიოზულ რისკებს ქმნის როგორც პირადი თავისუფლების, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით. ეს ყველაფერი განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არის ერთ-ერთი ყველზე ძველი და ხარვეზიანი დოკუმენტი, ამას ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ეს კოდექსი მთლიანად შესაცვლელია და საჭიროა რეფორმირება. როდესაც დიდი რეფორმის გარეშე მძიმდება სანქციები ყველაზე ხშირად კვალიფიცირებად მუხლებზე, ეს სერიოზული პრობლემაა” – აცხადებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორთა საბჭოს წევრი გურამ იმნაძე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 29 აპრილს დაჩქარებული წესით მიიღო, თუმცა კანონმდებლებს ვადა 2021 წლის ივნისამდე ჰქონდათ. განხილვისას სახალხო დამცველის რეკომენდაციები და შენიშვნები არ გაუთვალისწინებიათ.

“პირველი მოსმენა ისე გაიმართა, რომ ამ კანონპროექტის შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცოდა. მეორე მოსმენა, რომელზეც მეც მოვახერხე დასწრება, გაიმართა იმ დროს, როდესაც ქვეყანაში გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული იყო (კომენდატის საათი).  პარლამენტში რამდენიმე პირის და ჟურნალისტების გარდა არავინ იმყოფებოდა. მოქალაქეებს, აქტივისტებს, რომელთა უფლებებიც ამ კანონით იზღუდება არ ჰქონდათ შესაძლებლობა, წარმდგარიყვნენ პარლამენტარების წინაშე და გამოეთქვათ მოსაზრება. მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერმა ისაუბრა, რომლებმაც თქვეს, რომ წლების განმავლობაში ამ მუხლებით უსამართლოდ აკავებდნენ”- აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

კანონის ახალი ვერსია ამერიკის საელჩოშიც გააკრიტიკეს.

დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ცვლილებები ნაჩქარევი და უსარგებლოა. ახლა საქართველოს პრეზიდენტი მსჯელობს, არის თუ არა შეცვლილი კანონი სარგებლიანი. სალომე ზურაბიშვილს 2 კვირა აქვს დოკუმენტზე ხელმოსაწერად ან პარლამენტისთვის შენიშვნებით დასაბრუნებლად.

“მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტი, პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში ან ხელს მოაწერს, ან მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს უკან. პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების განხილვის შესაძლებლობა აქვს 2 გზით – დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს პრეზიდენტის შენიშვნებს და დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო” – განმარტავს კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაია.

ადმინისტრაციულ კანონში შესული ცვლილებების მოწინააღმდეგეებს ახლა პრეზიდენტის იმედი აქვთ. ჯერ უცნობია, როგორ აფასებს სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ცვლილებებს. ის ჯერ მხოლოდ კანონის კრიტიკოსების არგუმენტებს ისმენს.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend