მთავარისაქართველონაბიჯი შეთანხმებისკენ - შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს „ქართული ოცნება“ ხელს...

ნაბიჯი შეთანხმებისკენ – შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს „ქართული ოცნება“ ხელს აწერს

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მისმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის კარი ყველა იმ პოლიტიკური პარტიისთვის არის ღია, რომელიც ხალხმა აირჩია და ჯერ კიდევ არ არიან შესულები საკანონმდებლო ორგანოში.


„დღეს, „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე გამოვხატეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, თუმცა დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს ველოდით და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა უკვე აღნიშნა, რომ არ აპირებენ, დოკუმენტს ხელი მოაწერონ. თუმცა, ნაწილის აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით არის შეკითხვები და ზედაპირულად ვერ იმსჯელებენ.

„არჩილ თალაკვაძის ამ განცხადებას დეტალური ანალიზი სჭირდება. კონსულტაციები გვექნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა რამდენიმე კითხვა მებადება. ჯერ ერთი – რა უშლიდათ ხელს მაშინაც, რომ არსებული დოკუმენტისთვის თუნდაც ამ საკითხებზე დათანხმებულიყვნენ. ასევე ბევრი კითხვის ნიშანი რჩება პოლიტპატიმრებთან მიმართებით“, – თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ.

„ამ წნეხის ქვეშ „ქართულმა ოცნებამ“ უკან დაიხია, მაგრამ არასაკმარისად. სამ პუნქტზე, პრეზიდენტ მიშელის მიერ წარმოდგენილი გეგმიდან რომ შეჯერდა პოზიციები, ეს გასაგებია, მაგრამ არის ორი პუნქტი, რაზეც ჯერ შეჯერებული არ არის. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ ისინი არიან თავისუფლები და პოლიტიკური დევნა შეწყდა, ამაზე საერთოდ არაფერი უთქვამს და ბუნდოვანი იყო არჩილ თალაკვაძე. ასევე ვადამდელ არჩევნებზე. აქ მან დაუშვა პირველად შესაძლებლობა, რომ ვადამდელ არჩევნებზე შევთანხმდით, ოღონდ რაღაც გაუგებარი, ბუნდოვანი და არალოგიკური ტესტი ახსენა 40%-ის აღების მმართველი პარტიის მიმართ“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

„ვიდრე ორ მთავარ საკითხზე ვერ მოხდება შეთანხმება, სრულად შეთანხმება მიღებული არ იქნება. პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელი არჩევნები მთავარი საკითხებია“, – თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

ხუთპუნქტიანია დოკუმენტი შვედმა დიპლომატმა, კრისტიან დანიელსონმა ორჯერ ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ გაასაჯაროვა.

დოკუმენტი მოიცავს შემდეგ საკითხებს: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება, ამბიციური საარჩევნო რეფორმა, კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა, პარლამენტში ძალაუფლების განაწილება, მომავალი არჩევნები. დოკუმენტში არ შედის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი. დღეს, 16 აპრილს, კი პარტია „გირჩის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს პარლამენტში მივლენ, თუმცა საპარლამენტო სესიებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„მივიღეთ ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ, ვფიქრობთ, საქართველოში არის ორი პოლიტიკური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, რომლებიც ერთმანეთთან ჩხუბით არიან დაკავებულები. ჩვენ ამ ბრძოლაში არ გვინდა მონაწილეობა, შესაბამისად, თუ ქუჩაში ხარ, ხარ ერთი მებრძოლის მხარეს, თუ არ ხარ ქუჩაში, ხარ მეორე მებრძოლის მხარეს. ამიტომ ჩვენ რადგანაც არ გვინდა, ავირჩიეთ მესამე გზა, რომელიც პარლამენტის დერეფნებში გადის“, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დოკუმენტს ხელი აქამდე იმიტომ არ მოაწერეს, რომ ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებსა და ელჩებთან დამატებით კონსულტაციებს ელოდებოდნენ.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend