მთავარისაქართველომოლაპარაკების მოლოდინში

მოლაპარაკების მოლოდინში

ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე საუბრობენ. ოპოზიციას პერმანენტული აქციები ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა გეგმები შეცვალეს, თუმცა, მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება. ხელისუფლების წარმომადგენლები კი პირიქით, ოპოზიციას მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების წინსვლისათვის, მხოლოდ მთავრობის კონსტრუქციულობა არ არის საკმარისი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს, 4 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ეს მსვლელობა ავტომობილებით იყო. ლიდერები აცხადებდნენ, რომ ამ აქციით  ხელისუფლებას, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების აუცილებლობა კიდევ ერთხელ გაახსენეს.


„თუ ჩვენ გვინდა, რომ დიალოგი დაიწყოს, თუ გვინდა, რომ ეს პროცესი მოლაპარაკებების პროცესში გადავიდეს, აუცილებელია, პოლიტპატიმრებმა საპატიმრო დაწესებულებები დატოვონ. ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას ეხება“, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციების ფორმატი მას შემდეგ შეცვალეს, რაც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ეწვია. ოპოზიციამ 13 მარტს დაგეგმილი საპროტესტო აქციაც გადადო დროებით.

„აქციები გრძელდება, აქტივობა გრძელდება, უბრალოდ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ აქტივობით რაც შეიძლება დავაშოროთ საპროტესტო ელექტორატი სამართალდამცავ ორგანოებს. ვინაიდან, სამწუხაროდ, მივიღეთ ისეთი პოლიცია, რომელიც თვითონ მიდის პროვოკაციებზე და არაფრის გამო იჭერს აქტივისტებს”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ლაშა დამენიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ხელაშვილის თქმით კი, მმართველ გუნდს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ერთიანი პოზიცია აქვს.

„ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს. ამ მხრივ ძალიან უხერხული იყო, რაც ოპოზიციამ გააკეთა, როდესაც შეხვედრების დამთავრებისთანავე არასწორი ინტერპრეტაცია მიაწოდა მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, იმის შესახებ თუ რაზე იყო საუბარი. ჩემი ინფორმაციით, რაც ამ შეხვედრაზე გაჟღერდა იყო ის, რომ ქართულ ოპოზიციას ბატონმა მიშელმა მეტი კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა და დრო დაგვითქვა, რომ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ გარკვეულ პროგრესს უნდა მივაღწიოთ”, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ:

„ეს ქვეყანა მარტო პარტიების არაა. გვინდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები ცხოვრობენ და კარგი იქნება, თუ პროცესში სამოქალაქო საზოგადოება მიიღებს მონაწილეობას. არ ვგულისხმობ მოლაპარაკების მაგიდაზე სამოქალაქო საზოგადოების ყოფნას, ვგულისხმობთ იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული დღის წესრიგის შემუშავებაში მონაწილეობდეს“, – განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობა საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელმა, ლაშა ტუღუშმა.

ბრიუსელში 16-17 მარტს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი და საქართველოში დღეს, სწორედ ამ შეხვედრისათვის ემზადებიან ოპოზიციაში და ხელისუფლებაშიც.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend