რუსეთის ეკონომიკაზე მიბმული და დამოკიდებული ქართული ბიზნესი, ყოველდღიური ე.წ. კრემლის პროპაგანდისტური რიტორიკა ოფიციალური პირების საუბრისას, მასშტაბური დეზინფორმაცია დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ და რეალური მტრის არ დანახვა. ეს იმ საფრთხეების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის პრეზენტაციისას გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის. ანგარიშის ავტორი 14 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი გაერთიანებაა – „კოალიაცია ინფორმაციის სანდოობისთვის“.
რუსეთისგან წარმოებული ჰიბრიდული ომის მთავარ იარაღად, კვლევის ავტორები ყალბ და დეზინფორმაციულ კამპანიას ასახელებენ, რომელიც სოციალურ ქსელებს და ე.წ. „ტროლ-ბოტების“ სივრცეს გასცდა და სატელევიზიო მედიაში გადაინაცვლა. ღონისძიების სპიკერების განცხადებით, ამას საქართველოს ხელისუფლება არათუ ხელს უშლის, არამედ ეხმარება და ხშირად თავადაც იგივე მეთოდებს მიმართავს ოპონენტებთან და სამოქალაქო სექტორთან დაპირისპირებისას.
„სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება თავად არის დეზინფორმაციის გამავრცელებელი. ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს რუსული მეთოდებისა და დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ. ოფიციალურად აქვს გამოცხადებული, რომ რუსეთს არ გააღიზიანებენ რაიმე ქმედებით. ამიტომ ეს ხელს უხსნის რუსულ წყაროებს და ინტერესებს ქვეყანაში და ხელსაც უწყობს ხშირად. ძალიან მარტივია, ეს ვერ მოვა თანხვედრაში ერთმანეთთან, თან არ გაღიზიანება და თან დეზინფორმაციასთან ბრძოლა. რუსული პროპაგანდის მეთოდოლოგიით „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი პოლიტიკოსები უკვე ღიად საუბრობენ და პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ყველაფერ დასავლურს. ჩვენი და ზოგადად ამ შეხვედრისა თუ კვლევების მიზანია, რომ საზოგადოებამ გაიგოს რა დოზითაა ხელისუფლება ამ რუსულ საქმეში ჩართული“, – აცხადებს IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავარი საფრთხე არის ცრუ ინფორმაცია ევროპული მისწრაფებების შესახებ. მათი შეფასებით, ამ ფართო დეზინფორმაციულ მოქმედებას ახლა „ომში ჩართვის“ ბრალდება თუ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის წარმოებაც დაემატა. ამბობენ, რომ ამის უკან მხოლოდ რუსული წყაროები არ დგანან. მათი თქმით, შეთანხმებული მოქმედებების ნაწილში საქართველოს ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსითა და სავარაუდოდ ქვეყნის ბიუუჯეტით ღიადაა ჩართული.
„დღეს, ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა და მთავარი პრობლემა, საიდანაც სხვა პრობლემები მომდინარეობს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილია. მას არ აქვს მკაფიო მხარდაჭერა გამოვლენილი უკრაინის მიმართ და იმ რესურსებს, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ უნდა იყენებდეს, მიმართავს საკუთარი მოქალაქეების, სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ჩვენ წლების მანძილზე როდესაც ვსაუბრობდით, რომ ქვეყანაში მოქმედებს რუსული პროპაგანდა ე.წ. კონსერვატიული მოძრაობებისა და მსგავსი წყაროების სახით, ახლა პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დეზინფორმაციულ მეთოდებს, თავად ხელისუფლება უწყობს ხელს და იყენებს პრაქტიკაში, ღიად და დაუფარავად. ეს მეთოდოლოგია სრულად აქვს უკვე ათვისებული „ქართულ ოცნებას“. რა რეკომენდაციებზე უნდა ვესაუბროთ ხელისუფლებას, როდესაც კონსტანტინე მორგოშია დაახლოებულია თბილისის მერიასთან, უპრობლემოდ იღებს სამშენებლო ნებართვეს, რაც საუკეთესო საშუალებაა ალტ-ინფოსა და მსგავსი ორგანიზაციების დასაფინანსებლად და ამას ხელისუფლება ხელს არ უშლის“, – აცხადებს „ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების ლაბორატორიის“ წარმომადგენელი სოფო გელავა/
წინა ანგარიშებისგან განსხვავებით, კვლევის ავტორი ორგანიზაციები ხელისუფლებას რეკომენდაციებით აღარ მიმართავენ. ისინი პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ლიდერ პირებსა და მმართველ პარტიას, რომ აღკვეთონ რუსული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოში და შეწყვიტონ ის ანტიდასდავლური რიტორიკა, რომელიც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში ევროკავშირის, აშშ-ისა და NATO-ს მიმართ ნეგატიურ აღქმებს იწვევს.
ალეკო გვეტაძე