შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა სამშაბათს ერებრუს სკოლაში მომხდარი თავდასხმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე საზარელ ტრაგედიად შეაფასა. პრესკონფერენციაზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრი გუნარ სტრემერიც ესწრებოდა, კრისტერსონმა განაცხადა, რომ შვედეთში ახლა რთული პერიოდია. ისინი სრულიად უდანაშაულო ადამიანების მიმართ სასტიკი ძალადობის მოწმენი გახდნენ. მისი შეფასებით, ეს შვედეთის ისტორიაში ყველაზე საშინელი ფურცელია და ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი.
გავრცელებული ინფორმაციით, მსროლელმა ერებრუში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლი დაახლოებით პირველის ნახევარზე გახსნა. მოსწავლეებს გამოცდა ჰქონდათ, თუმცა უმეტესობა იქ უკვე აღარ იმყოფებოდა.

შვედეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ დაღუპულია ათი პირი, მათ შორის თავდამსხმელიც. დაჭრილთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამ დროისთვის ტერორიზმთან კავშირი არ იკვეთება. მთავრობაში ამბობენ, რომ არც თავდასხმამდე ყოფილა რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი.