მთავარისაქართველოდაშავებული ჟურნალისტები და დაკავებული მოქალაქეები - აქცია პარლამენტთან

დაშავებული ჟურნალისტები და დაკავებული მოქალაქეები – აქცია პარლამენტთან

საქართველოს პარლამენტთან მედიის მორიგი საპროტესტო აქცია ჟურნალისტების დაშავებითა და მოქალაქეთა დაკავებით დასრულდა. პოლიციამ ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოს შენობის ერთ-ერთი შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან იძულებით გაიყვანა. მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე მისული ჟურნალისტები საპოლიციო დანაყოფებს ეუბნებოდნენ, რომ გზას არ გადაკეტავდნენ. პოლიციამ მათ ტროტუარზე გადადგილების ნება დართო, თუმცა, მიუხედავად ამისა, რამდენიმე წუთში დემონსტრანტები ამავე ტროტუარიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

9 აპრილის ქუჩაზე ორი პირი დააკავეს. ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ინფორმაციით, პოლიციელმა ხელი დაარტყა ამავე გამოცემის ჟურნალისტს, ნათია ლევერაშვილს, რომელიც აქციაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა NEWS.On.ge-ს მთავარი რედაქტორი ვანცენტ ხაბეიშვილიც. გამოცემა იუწყება, რომ იგი ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

„სახეში ურტყეს. გადმოსულები არიან ცემა-ტყეპასა და აგრესიაზე. წარმოდგენა არ მაქვს რატომ. მოულოდნელად დაიწყეს 30 ჟურნალისტის წინააღმდეგ წიხლებისა და ხელების ქნევა, მუშტების რტყმა. არ ვიცი, რატომ გააკეთეს ეს. ბრძანება აქვთ მიღებული, რომ 20 ჟურნალისტსაც თუ დაინახავენ, ფიზიკურად უნდა გაუსწორდნენ“, – ამბობს ზურა ვარდიაშვილი, „პუბლიკის“ დირექტორი.

„რომ ვიძახდით ბელარუსი, რუსეთი… კანონით, ქცევით, ბრძანებებით… ეს არის რუსეთი. ეს არის ბელარუსი. ხალხს თეთრი ფურცლების ჭერისა და ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ. მათ რომ დასჭირდებათ იგივე უფლებები, გააპროტესტებენ, მაგრამ მერე გვიან იქნება“, – ამბობს „პუბლიკას“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი.

4 თებერვლის დილით საქართველოს პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საპოლიციო ძალები მედიას მიზანმიმართულად ესხმიან თავს.

„აქციების კონტექსტში  მედიის წარმომადგენლებს სისტემურად მიზანმიმართულად ესხმიან თავს, ხელს უშლიან პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საპოლიციო ძალებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, არ გაშუქდეს აქციები, ან/და მათი ძალადობრივი დარბევა და სხვა დარღვევები.

მიგვაჩნია, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა წახალისებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი გამოძიებითა და იმ დაუსჯელობის სინდრომით, რომლებიც გაბატონებულია საპოლიციო ძალებში“, – წერია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებაში.

„თავისუფლება მზია ამაღლობელს. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ – დღეს პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან ეს შეძახილები ისმოდა. მზია ამაღლობელისა და საპროტესტო აქციებზე დაკავებული სხვა პატიმრების მხარდასაჭერად და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების გასაპროტესტებლად პარლამენტთან მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დილის 11:00 საათიდან შეიკრიბნენ.

საპროტესტო აქციები „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, გათავისუფლების მოთხოვნით თბილისსა და ბათუმში უწყვეტად იმართება. კოლეგები თუ მოქალაქეები სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ ჟურნალისტს, რომელიც 24 დღეა შიმშილობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„24 დღეა, ჩვენი კოლეგა და მეგობარი, ივანიშვილის რეჟიმის უკანონო პოლიტიკური პატიმარი, მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს. 24 დღეა, ჩვენ ქუჩაში ვართ. ეს უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მზია იქნება რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეობაში“, – ამბობს გელა მთივლიშვილი, „მთის ამბების“ რედაქტორი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend