„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მზია ამაღლობელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და თანახმაა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურების ჩატარებაზე. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მზია ამაღლობელი ამ ეტაპზე რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად.
„ბრალდებული კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით დათანხმდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე. ბრალდებული მზია ამაღლობელი ამ ეტაპზე რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად.
განვმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი”, – წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.