პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის – “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონპროექტის შემდგომი განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობა“ თუ „უცხოური გავლენის აგენტი“. ორი კანონპროექტი ერთი იდეით – ყველა, ვინც საქართველოს მეგობარი ქვეყნებიდან ორგანიზაციებისგან დემოკრატიის განვითარებისთვის ფინანსდება – „აგენტის“ ტიტული უნდა მიენიჭოს. თუმცა, იგივე არ ეხება სახელმწიფოს, რომელიც უკვე მრავალი წელია იგივე წყაროებისგან ფინანსდება.
„ქართული ოცნების“ გუნდის წევრებმა „ხალხის ძალიდან“, მეორე კანონპროექტიც წარადგინეს ბიუროზე და „ქართულმა ოცნებამაც“ გაცხადებულად დაუჭირა მხარი მის მიღებას.
„ხალხის ძალაში“ ამბობენ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეათანხმეს და პირველი მოსმენის შემდეგ, ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში შესაფასებლად გაიგზავნება.
„პირველი მოსმენით მიღებამდე ქართულ ვარიანტში შევა რამდენიმე ტექნიკური შესწორება და დაზუსტდება უცხოური გავლენის აგენტთა წრე. მაგალითისთვის, კანონი არ გავრცელდება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე და სხვა. პირველი მოსმენით მიღებისთანავე, როგორც ქართული, ისე ამერიკული პროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. გამომდინარე იქიდან, რომ კანონი გვინდა სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე მივიღოთ, ვენეციის კომისიისგან მოვითხოვთ დაჩქარებული წესით დასკვნის წარმოდგენას. მათი რეკომენდაციების შესაბამისად მხარს დავუჭერთ და სამი მოსმენით ივნისის ბოლომდე მივიღებთ კანონპროექტის ქართულ ან ამერიკულ ვერსიას. ქართული ოცნების” ლიდერები სრულად იზიარებენ მოსაზრებას, რომ უცხოური გავლენის აგენტების დაფინანსების გამჭვირვალობა არის აუცილებელი პირობა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის და დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
„ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას, დასავლეთიდან დაფინანსებული „აგენტების“ ძებნის შესახებ, მყისიერად მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებები. შეფასებები იყო და არის კრიტიკული. უფრო მეტიც – მწვავედ კრიტიკული. გაეროც კი, რომელიც მსგავსი განცხადებებით არ გამოირჩევა, კრიტიკული შეფასება გამოთქვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, სხვადასხვა დონეზე განაცხადეს, რომ რა ფორმულირებითაც არ უნდა მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონი, ის იქნება რუსული, დააშორებს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას და ქვეყანაში თავისუფალ აზრს ჩაახშობს.
ყველა ამ შეფასებით განცხადებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტყუილი უწოდა და თქვა, რომ ეს ორგანიზაციები შეცდომაში შეიყვანეს. მისივე განცხადებით, მმართველი პარტია, ყველა შემთხვევაში მიიღებს რომელიმე ვერსიას კანონად. კობახიძენ ისიც დასძინა რომ თუ ქართული შერბილებული ვერსია არ უნდოდათ და გააპროტესტეს, ახლა უფრო უარესს, ანუ მისივე თქმით ამერიკულ ვარიანტსაც განიხილავენ.
„აპრიორში გამორიცხულია, რომ ერთ, მეორე ან ორივე კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა იყოს, შესაძლოა, მხოლოდ დეტალებზე იყოს შენიშვნები ან რეკომენდაციები – ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მიიღო. დაჩქარებული წესით ვითხოვთ დასკვნის წარმოდგენას, სესიის ბოლომდე დასრულდება კანონპროექტის შესაბამისი ვერსიის მიღება. მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია ამერიკულ კანონთან დაკავშირებით. ვთქვი, რომ არის ძალიან მძიმე და უხეში, მაგრამ როდესაც საუბარი იყო სპეკულაციებზე, ძალიან კარგი პასუხი გაეცა ამ სპეკულაციებს. იყო გაუმჯობესებული ვერსია – ქართული ვერსია, რომელიც დაინიცირდა. ამას მოჰყვა ტყუილები. ამბობდნენ, რომ ეს იყო რუსული კანონი. არაფერი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან ამ კანონპროექტს, რომელიც თავიდან დაინიცირდა. ამ სამარცხვინო სპეკულაციებს და ტყუილებს ამერიკული კანონპროექტის დაინიცირებით პასუხი გაეცა. ნედ პრაისს მოატყუებინეს. ასე გამოვიდა. შეცდომაში შეიყვანეს, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ტყუილი ითქვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო ოპოზიცია მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკულ შეფასებებს არ იშურებს. თუმცა, პოლიტიკური განცხადებების მიღმა რა ბერკეტების გამოყენებას აპირებენ მათივე თქმით, მმართველი პარტიის შესაკავებლად, პასუხები ასეთია.
“კანდიდატის სტატუსის მიღების გადამწყვეტ ფაზაში, როცა სტატუსის მიღების კარგი შესაძლებლობა არსებობს, კანონის ირგვლივ დისკუსიის გახსნაც კი ხელისუფლების მხრიდან არის ქვეყნის ინტერესების ღალატი! მოვუწოდებთ “ოცნებას”: შეწყვიტოს დისკუსია და კონსტიტუციის დარღვევა.
ე.წ. აგენტების კანონის ინიცირება მაშინ, როდესაც ევროკომისიამ კანონმდებლობა დადებითად შეგვიფასა და საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი.
მსგავს კანონზე ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა უკვე არაერთხელ თქვეს, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევს “ოცნება” ამ კანონს და რამდენ ვერსიას დააინიცირებს.
„გამჭვირვალობა“ გამოგონილი მიზეზია. გამჭვირვალობის ვალდებულება ისედაც არსებობს.
სინამდვილეში, კანონი: პირდაპირ ეწინააღმდეგება 12 პუნქტის მე-7 და მ-10 პუნქტებს; ველს უსუფთავებს ხელისუფლებას, რომ არჩევნები რეალური და სამართლიანი სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩაატაროს; აგენტის იარლიყს აკრავს ყველას, ვისი საქმიანობაც “ოცნების” უკანონო ძალაუფლებისთვის საფრთხის შემცველია.
კანონზე დისკუსიის გახსნის მიზანია ყურადღების გადატანა 12 პუნქტიდან, რომელიც ჯერ კიდევ შეუსრულებელია“!- განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა ნათია მეზვრიშვილმა.
მარტის თვიდან ორი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვები დაიწყება. შემდეგ, ვენეციის კომისია შეაფასებს, თან „ქართული ოცნების“ მოთხოვნით, დაჩქარებულად. ამის შემდეგ კი საბოლოოდ გაირკვევა ვის და რა ფორმით შეერქმევა მმართველი პარტიის განცხადებით – კარგი გაგებით „აგენტი“.
ალეკო გვეტაძე