„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, სასამართლო დღეს, 11 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში უნდა გაიმართოს. მზია ამაღლობელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მიიჩნევენ, რომ საქმეში არ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი. საიას წარმომადგენლის თქმით, პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბრალდებული მიიმალება, ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე, ან სხვა ფორმით შეუშლის ხელს გამოძიებას. მზია ამაღლობელის მხრიდან კი არ არსებობს მსგავსი საფრთხეები. ამ ფაქტს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი გამოეხმაურა.
“მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, – წერს ჯო უილსონი პლატფორმა იქსზე.
Mzia Amaghlobeli and all of the political prisoners of the Ivanishvili regime must be immediately released! There must be free and fair elections!
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 13, 2025
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო ბანერის გაკვრისთვის. „იფიცება საქართველო“ – სწორედ ამ შინაარსის ბანერს აკრავდა ის, როდესაც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. მზია ამაღლობელის დაკავებას მწვავე რეაქცია მოჰყვა. დაახლოებით 2 საათში ის გაათავისუფლეს, თუმცა რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად, სისხლის სამართლის წესით.
მზია ამაღლობელმა უფლებადამცველებს უთხრა, რომ გათავისუფლებისას მას ხელზე უჭერდნენ, რის გამოც ხელი მოიქნია და მოხვდა პოლიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომელიც ვითარებას ადგილზე პირადად აკონტროლებდა. სწორედ ამის გამო მზია ამაღლობელი ხელახლა შეაბრუნეს იზოლატორში.