მთავარიევროპარუსეთი9 მაისის აღლუმი და უცვლელი პათოსი

9 მაისის აღლუმი და უცვლელი პათოსი

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან  77 წლის შემდეგ მოსკოვში, წითელ მოედანზე კვლავ გაიმართა ტრადიციული აღლუმი.

იქ გამარჯვების დღე აღნიშნეს, რუსული არმიის ტექნიკა გამოფინეს, ისევ ისმოდა   საბჭოთა კავშირის ჰიმნი და ფრიალებდა საბჭოთა დროშები.

წლევანდელი აღლუმი უჩვეულო იყო, რადგან რუსეთი ახლა უკრაინაში ომს აწარმოებს, რომელსაც ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები,  რუსული ოკუპაციის სისასტიკის შედეგები კი კიევის შემოგარენიდან რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ ნახა.

ვლადიმერ პუტინის 12 წუთიანი სიტყვა დღეს წითელ მოედანზე ძირითადად უკრაინაში ომის დაწყების მიზეზების ახსნას დაეთმო.  ანუ იმას, თუ როგორ ხედავენ ამას კრემლში. ცხადია, სიტყვა ომი ვლადიმერ პუტინს ამ კონტექსტში არ უხსენებია.

„ნატომ დაიწყო აქტიური სამხედრო მობილიზაცია ჩვენს ტერიტორიებთან ახლოს. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნებოდა პირდაპირი საფრთხე ჩვენთვის, ჩვენს საზღვრებთან… ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ გარდაუვალი ხდებოდა დაპირისპირება ნეონაცისტებთან, ბანდერელებთან  – რომლებზეც ამერიკის შეერთებული შტატები და მისი უმცროსი მოკავშირეები დებდნენ ფსონს“, -განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინთან ერთად დღეს წითელ მოედანზე სხვა ქვეყნის ლიდერები არ იყვნენ.  წინა 9 მაისის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკე ყველამ ნახა, ამიტომ მას სულ რამდენიმე მეგობარი დარჩა.

კრემლში წელს არჩიეს, რომ ის რამდენიმე მეგობარიც არ დაეპატიჟებინათ.  ადგილობრივი შემადგენლობა კი თითქმის არ შეცვლილა: პირველ რიგებში ისევ  პატრიარქი კირილი  იჯდა, დიმიტრი მედვედევთან და დეპუტატ ვალენტინა მატვიენკოსთან ერთად, რომელსაც ცრემლები ჯერ კიდევ მაშინ მოადგა, სანამ ვლადიმერ პუტინი საუბარს დაიწყებდა.

დღეს წითელ მოედანზე არ გამოჩენილა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი. მიზეზი არ არის ცნობილი.

ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ვლადიმერ პუტინი დღეს უკრაინას ომს ოფიციალურად გამოუცხადებდა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

პათოსი არ შეცვლილა. ვლადიმერ პუტინი ისევ რუსი ხალხის ინტერესების დაცვაზე საუბრობდა  და ყველა ბოროტებას, რომელსაც დღეს უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალები ჩადიან – დასავლეთს მიაწერდა.

77 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, თუმცა დღეს, წითელ მოედანზე ტერმინებიც საბჭოური იყო, ჰიმნის მელოდიაც იგივე და ისევ საბჭოთა დროშები ფრიალებდა.

წითელ მოედანზე ისევ ისმოდა „კატიუშა“ – სიმღერა, რომელიც საბჭოთა კავშირში ყველა  ბავშვმა იცოდა. თუმცა, ბევრმა დღემდე არ იცის „კატიუშას“ რეალური მნიშვნელობა. ის, რომ  „კატიუშა“, სინამდვილეში  საველე რეაქტიული არტილერიის ულულო სისტემების არაოფიციალური სახელწოდებაა.

ვლადიმერ პუტინი თავის გამოსვლებში არ მალავს დიდი  რუსეთის იდეის თაყვანისცემასა დაა საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილს. საბჭოთა კავშირის მიმართ სენტიმენტები არ დაუმალავს არც დღეს.

აღლუმის შემდეგ ის ტრადიციულ მსვლელობაშიც ჩაერთო, ე.წ. „უკვდავი პოლკის“ პატივსაცემად. წითელ მოედანზე მან ხალხთან ერთად გაიარა, ხელში კი საკუთარი მამის პორტრეტი ეჭირა, როგორც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის.

დღეს ამ აღლუმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ ფონზე რუსეთი აწარმოებს ყველაზე დიდ ომს ევროპის კონტინენტზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მაგრამ,   დღეს წითელ მოედანზე  ამაზე არავინ ლაპარაკობდა, რადგან  უკრაინის კონტექსტში სიტყვა ომის ხსენება რუსეთში 15 წლიან სასჯელს ნიშნავს.

სოფიო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend