მთავარისაქართველორა იციან ახალგაზრდებმა საბჭოთა ოკუპაციის შესახებ

რა იციან ახალგაზრდებმა საბჭოთა ოკუპაციის შესახებ

დღეს, 25 თებერვალს, 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმია თბილისში შევიდა. ასე დაკარგა საქართველომ დამოუკიდებლობა. 25 თებერვალს დაწყებული საბჭოთა ოკუპაცია სამოცდაათი წელი გაგრძელდა. დღეს კი ახალგაზრდა თაობა ისტორიის წიგნებიდან იგებს, რა მოხდა 1921 წელს.

ფოტო, რომელიც 1921 წლის 25 თებრვალსაა გადაღებული და წითელი არმიის თბილისში შემოსვლას ასახავს, მეთორმეტე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოშია შეტანილი.

ტასო მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ისტორიის გაკვეთილებზე ჯერ არ უსაუბრიათ 1921 წლის ოკუპაციის შესახებ, თუმცა ამაზე ბევრი რამ უკვე იცის. ეს ინფორმაცია სხვადასხვა პროექტში მონაწილეობით ან ინტერნეტის საშუალებით აქვს, თუმცა, როგოც თვითონ ამბობს, ყველაზე დასამახსოვრებელი მისთვის ის ამბებია, რომლებშიც თავისუფლებისთვის ახალგაზრდების ბრძოლაა გადმოცემული.


„ის, რაც ყველაზე მეტად მივიტანე გულთან ახლოს, ალბათ იუნკრების ამბავია. ახლა 17 წლის ვარ და ისინი ჩემზე რამდენიმე წლით დიდები იყვნენ, მათ შორის იყო მარო მაყაშვილიც.  მე თავისუფალ საქართველოში ვცხოვრობ, ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც რაც სირთულედ მეჩვენებოდა, მათი ამბების შემდეგ აღარ ვფიქრობ ასე, რადგან ვიცი, რისი გადატანა მოუწიათ“, – ამბობს მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ტასო.

ტასო მალე მეთორმეტე კლასში გადავა და 1921 წლის ოკუპაციის შესახებ უფრო მეტს გაიგებს ისტორიის წიგნიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბონდო კუპატაძე  ისტორიის ერთ-ერთი სახელმძღვანელოს ავტორია. მას მიაჩნია, რომ საქართველოს პირველ რესპუბლიკასა და შემდგომ მის გასაბჭოებას სასკოლო სახელმძღვანელოებში უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.

„ინფორმაცია მოსწავლის ასაკის შესაბამისად არის აწყობილი და ლოგიკურად გრძელდება. მაგალითად, ნაჩვენებია ის პოლიტიკა, რომელიც რუსეთს 1918 წელს ჰქონდა, არის საუბარი იმ პროვოკაციებზეც, რომელთაც საბჭოთა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა, ასევე ვრცლად არის ინფორმაცია 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის შესახებ“, – ამბობს ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე

წიგნში წაკითხულის ალტერნატივა ისტორიის ვიზუალურად აღქმაა. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში დამთვალიერებელი რეჟიმის მსხვერპლთა სახეებს ხვდება. სახეების მიღმა ამბებია, რომლებიც საქართველოს უახლეს ისტორიას ჰყვება. ეროვნული მუზეუმის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარეჯან ძოწენიძე ამბობს, რომ ოკუპაციის მუზეუმის დამთრგუნველი ექსპოზიციის გამო  მას უფრო მეტად უფროსკლასელები სტუმრობენ:

„რაც სამწუხაროა და ალბათ ჩვენც გვაქვს ამაზე სამუშაო, არის ის, რომ მოსწავლეები ხშირად აქ იმიტომ მოდიან, რომ იციან, რომ უნდა მოვიდნენ და ნაკლებად აქვთ გააზრებული ისტორიის ეს ეტაპი. მოვლენ, დაათვალიერებენ, ბევრ შთაბეჭდილებას იღებენ და მიდიან, თუმცა არ ვიცი, ახსენდებათ თუ არა აქ მიღებული ცოდნა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ასე არ არის“, – ამბობს ეროვნული მუზეუმის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარეჯან ძოწენიძე

მუზეუმში ერთმანეთის პირისპირ ორი დოკუმენტია გამოფენილი, ერთი 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტია, ხოლო მეორე – 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ამ დოკუმენტებს შორის ოკუპაციის სამოცდათწლიანი ისტორიაა.  დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ბავშვები კი 100 წლის შემდეგ იხსენებენ და სწავლობენ საბჭოთა ოკუპაციის ამბავს.

ნინო ჯალაბაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend