მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინის „ცხელი ხაზი“

ვლადიმერ პუტინის „ცხელი ხაზი“

რუსეთის პრეზიდენტმა ყოველწლიური პრესკონფერენცია გამართა

უკრაინის შესახებ საუბრით დაიწყო რუსეთის პრეზიდენტმა ყოველწლიური შემაჯამებელი პრესკონფერენცია, რომელიც 19 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და 4 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.

ვლადიმერ პუტინმა საზოგადოებას გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მოხსენება გააცნო, რომლის მიხედვითაც, მისი მტკიცებით, „რუსეთი ფრონტზე ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს“, „სტრატეგიული ინიციატივა კი მოსკოვის ხელშია“, მათ შორის პოკროვსკშიც. ამ ქალაქზე უკრაინამ კონტროლის დაკარგვა უარყო:

„ზელენსკი მსახიობია, თანაც ნიჭიერი. ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ და ეს მისი წარსულში გადაღებული ფილმებიდან ვიცით, თუმცა ამაზე არ ვსაუბრობთ. ქალაქის აბრა, ქალაქ კუპიანსკიდან დაახლოებით 1 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მაშ, ზღურბლზე რატომ დგახარ? შინ შემოდი, თუკი კუპიანსკი თქვენი კონტროლის ქვეშაა… მაშინვე, როგორც კი ჩვენმა სამხედროებმა უკუაგდეს მოწინააღმდეგეები კურსკის ოლქიდან, სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად გადავიდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელში.

რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სამხედროები წინ მიიწევენ მთლიანი შეხების ხაზის გასწვრივ – ზოგიერთ რაიონში უფრო სწრაფად, ზოგიერთგან – შედარებით ნელა, თუმცა მოწინააღმდეგე ყველა მონაკვეთზე უკან იხევს. ჩვენი ქვედანაყოფები აქტიურად და ეფექტურად მოქმედებენ ლიმანის სამხრეთ მიმართულებაზე. სამხედროები უკვე ქალაქში არიან, სადაც მიმდინარეობს ბრძოლა და, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში სრულად იქნება ჩვენ კონტროლქვეშ.

ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ ქალაქის ნახევარს. წინსვლა გაგრძელდება, უფრო სამხრეთით, სლავიანსკის მიმართულებაზე. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ამ აგლომერაციაში შედის ქალაქი კონსტანტინოვკაც, სადაც ასევე მიმდინარეობს ბრძოლა და რომლის ნახევარსაც ასევე ვაკონტროლებთ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენი სამხედროები ამ ქალაქსაც აიღებენ…“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ არა სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, არამედ ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“.

მანვე უკრაინის ხელისუფლებას „კიევის რეჟიმი“ უწოდა, ევროკავშირის ლიდერებს კი „ყაჩაღები“ და „მძარცველები“, გაყინული რუსული აქტივების თაობაზე ბრიუსელში 18 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების გამო:

„ქურდობა არ არის ამ ქმედებისთვის შესაფერისი განმარტება. ქურდობა არის ქონების ფარული მითვისება. ჩვენს შემთხვევაში, ისინი ამას ღიად აკეთებენ. ეს არის ძარცვა. მძარცველებისთვის ეს შედეგები ძალიან მძიმე იქნება. ეს არა მხოლოდ [ევროკავშირის] რეპუტაციას აზიანებს, არამედ ევროზონის მიმართ ნდობასაც უთხრის ძირს.

რაც და როგორც არ უნდა მოიპარონ, დადგება დრო, მათ ამ ყველაფრის დაბრუნება მოუწევთ. ჩვენს ინტერესებს სასამართლოშიც დავიცავთ და ვეცდებით, ვიპოვოთ იურისდიქცია, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან დამოუკიდებელი იქნება…“

ვლადიმერ პუტინი კვლავ ლეგიტიმურად მიიჩნევს კრემლის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ ამჟამად დაკავებული ტერიტორიები მოსკოვის საკუთრებად უნდა გამოაცხადოს. მხოლოდ აღიარებების შემდეგ წარმოუდგენია რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დასრულება.

„კიევის რეჟიმისგან“ მაინც ვხედავთ რაღაც გზავნილებს, რომ ისინი მზად არიან, გარკვეული დიალოგი აწარმოონ. ერთადერთი, რასაც ყოველთვის ვამბობდით და ახლაც იმავეს ვიმეორებთ – ჩვენ მზად ვართ და გვინდა ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულება, თუმცა იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც მე განვსაზღვრე გასული წლის ივნისში საგარეო საქმეთა სამინისტროში და რაც ითვალისწინებს ამ კრიზისის საწყისი მიზეზების მოგვარებას…“ – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენციისთვის წელს გაიგზავნა ორ მილიონზე მეტი კითხვა, რომლებიც გარდა უკრაინაში მიმდინარე ომისა, მეტწილად უკავშირდებოდა რუსეთის მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და დემოგრაფიულ პრობლემებს.

კონფერენციის ტრანსლაციის მიმდინარეობისას, რუსეთის პრეზიდენტისთვის კითხვების გაგზავნა შესაძლებელი იყო ტექსტური შეტყობინებითაც, რომელიც დარბაზში დამონტაჟებულ ეკრანებზე ჩნდებოდა.

შეტყობინებების ავტორთა დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, მათ შორის სოციალური ქსელების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend