მიმდინარე წლის ნოემბერში აღმოსავლეთ პოლონეთში მატარებელი რომელსაც 500-ამდე მგზავრი გადაჰყავდა, მოულოდნელად გაჩერდა. როგორც ამბობენ, დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზზები და ლიანდაგი. ლიანდაგის ამ ხაზზე დაზიანდა სხვა მონაკვეთიც, რომელზეც სატვირთო მატარებელი მოძრაობდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, არც ზიანი იყო მასშტაბური, თუმცა პოლონეთს, რომელმაც თავდასხმაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურები დაადანაშაულა, მაინც მკაცრი პასუხი ჰქონდა. მან 10 ათასი ჯარისკაცი განალაგა ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად
პოლონეთში მომხდარი დივერსია „ესოშიეტიდ პრესის“ მონაცემთა ბაზაში შეტანილი 145 ინციდენტიდან ერთ-ერთია, რომელიც, დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, ვლადიმერ პუტინის 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მიერ ორგანიზებული არეულობის სერიის ნაწილია.
ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის მიზანია უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება, ევროპელებს შორის განხეთქილების შექმნა და კონტინენტის უსაფრთხოების სუსტი წერტილების გამოვლენა.
„ვფიქრობ, ამ საკითხში უფრო მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მხარეა და ის ფსიქოლოგიური ზიანი, რომლის მიყენებასაც ცდილობენ. ისინი მოსახლეობაში თესავენ შიშს. ყველამ იცის, რომ მსგავსმა მოვლენებმა შესაძლოა მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს. გასულ წელს თავდასხმები გვქონდა DHL-ის თვითმფრინავებზე, 2024 წელს პოლონეთში მერივილსკის სავაჭრო ცენტრზე მიიტანეს იერიში რასაც ასევე მოჰყვა მსხვერპლი. ასე რომ, ეს შიშის განცდას აუცილებლად გააჩენს“, – აცხადებს რუსული ჰიბრიდული ომის ექსპერტი, მეთიუ რედჰედი.
ამ ჰიბრიდულ ომში ჩვენთვის ცნობილ დივერსიის აქტებს მინიმალური ზიანი მოჰყვება, რაც არც კი შეედრება უკრაინაში განვითარებული მოვლენების მასშტაბს. იქ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, განადგურდა ქალაქები.
თუმცა, ოფიციალური პირების თქმით, თითოეული აქტი – კულტურული ძეგლების მიმართ ვანდალიზმი, კიბერშეტევები თუ საწყობებში გაჩენილი ხანძრები – უსაფრთხოების ძვირფას რესურსებს სპობს.
მსგავსი დივერსიები მძიმე ტვირთად აწვება უსაფრთხოების ევროპულ სამსახურებს, რუსეთს კი ეს თითქმის არაფერი უჯდება.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ მოსკოვი აწარმოებს საზღვრისპირა ოპერაციებს, რომლებიც ევროპული ქვეყნებისგან უფრო ფართო თანამშრომლობას მოითხოვს. ამასთან, რუსული სადაზვევრო სამსახურები თავიანთი მიზნის მისაღწევად ხშირად იყენებენ კრიმინალური წარსულის მქონე უცხოელებს, რომლებიც ამ საქმეში მცირე ანაზღაურებას იღებენ.
„ ვფიქრობ, რომ შეიცვალა ამ სამიზნე ოპერაციის წარმოების წესები. ჩემი აზრით, რუსებს განა აღარ სურთ გარკვეული პირების მიზანში ამოღება, უბრალოდ მათ ფორმა და წესი შეცვალეს. მათთვის გაცილებით რთულია სადმე დაზვერვის ოფიცრის გაგზავნა. სადაზვერვო სამსახურს წევრებისთვისაც არ არის მარტივი გაერთიანებულ სამეფოში ქიმიური ნივთებით შეიარაღებულნი ჩამოვიდნენ და ვინმე მოკლან. ამიტომ მათ შეცვალეს მოქმედების მეთოდი, ისინი ახლა ამ საქმეში კრიმინალური წარსულის მქონე პირებს რთავენ“, – ამბობს მეტროპოლიტენის პოლიციის კონტრტერორისტული რაზმის ხელმძღვანელი, დომინიკ მერფი.
წლის განმავლობაში „ესოშიეიტიდ პრესი“ 13 ქვეყნის 40-ზე მეტ ევროპელ და ნატოს ოფიციალურ პირს ესაუბრა, რათა დაედგინა ამ ჰიბრიდული ომის მასშტაბები, მათ შორის ინციდენტები, რომლებსაც რუსეთის მარიონეტებს ან მის მოკავშირე ბელარუსს უკავშირებენ.
მონაცემთა ბაზა აჩვენებს ცეცხლის წაკიდებისა და აფეთქების შემთხვევების მატებას. თუ 2023 წელს ერთი ინციდენტი იყო, 2024 წელს 26-ამდე გაიზარდა.
2025 წელს ჯერჯერობით ექვსი შემთხვევა გამოვლინდა. გასულ წელს ვანდალიზმის სამი შემთხვევა იყო, წელს კი ერთი.
მოცემული მონაცემები არასრულია, რადგან ყველა ინციდენტს არ ასაჯაროებენ. მოსკოვთან კავშირი რომ დაადგინონ, ოფიციალურ პირებს შეიძლება თვეებიც კი დასჭირდეთ.
ეს ზრდა ადასტურებს იმას, რაზეც ოფიციალური პირები მანამდეც აფრთხილებდნენ მოსახლეობას, რომ ტენდენცია უფრო სახიფათო გახდებოდა.

