ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა დასავლეთი მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში და განაცხადა, რომ ომი უკრაინაში „დასავლეთმა დაიწყო”.
უფრო კონკრეტულად სამხედროებთან შეხვედრისას 17 დეკემბერს პუტინმა დაადანაშაულა პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ ტოტალური ომის „დაწყებაში“ და დასძინა, რომ ვაშინგტონის მოკავშირეები ევროპაში „შეუერთდნენ მაშინდელი აშშ-ის ადმინისტრაციის ქმედებებს“, რომლებსაც პუტინი რუსეთის შესაძლო კოლაფსიდან მოგების მიღების იმედად აღწერს.
„ევროპელ ბურვაკებს რუსეთის კოლაფსით ტკბობა სურდათ“, – თქვა მან. ამ უჩვეულო ტერმინს ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი ადრე დასავლური დემოკრატიების შეურაცხყოფისთვის იყენებდა.
„საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, ვფიქრობდით, რომ სწრაფად გავხდებოდით ევროპული ერების ე.წ. ცივილიზებული ოჯახის წევრები. დღეს აღმოჩნდა, რომ იქ ცივილიზაცია არ არსებობს, იქ სრული დეგრადაციაა“.
მიუხედავად ამისა, პუტინმა გამოთქვა იმედი, რომ ევროპა მოსკოვთან დიალოგს დაუბრუნდება, თუმცა მისივე მოსაზრებით, ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა „ამჟამინდელი ევროპული ელიტებისთვის“.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შესაძლებელი იყოს ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტებისთვის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გარდაუვალი იქნება, რადგან ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პოზიციების განმტკიცებას”.
პუტინმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია „ასეთ მზადყოფნას აჩვენებს“.
„ჩვენ მათთან დიალოგში ვართ ჩართული. იმედი მაქვს, იგივე მოხდება ევროპასთანაც“.
პუტინი ასევე დაემუქრა ევროპასა და უკრაინას, ბირთვული ძალების დემონსტრირებით.
რუსეთის უმაღლესი სამხედრო ოფიცრებისადმი მიმართვისას, პუტინმა ასევე შეაქო რუსეთის სამხედრო ძალები და განსაკუთრებით აღნიშნა მისი ბირთვული არსენალის მოდერნიზაცია.
„ჩვენი ბირთვული ძალების ოთხმოცდათორმეტი პროცენტი მოდერნიზებულია. მსოფლიოში არცერთ სხვა ქვეყანას, არცერთ სხვა ბირთვულ ძალას არ აქვს ეს“, – თქვა მან.
„ჩვენ ვავითარებთ ახალ იარაღს და განადგურების ახალ საშუალებებს. მსოფლიოში არავის აქვს ასეთი იარაღი და არც მალე ექნებათ“.
პუტინმა კონკრეტულად ისაუბრა რუსეთის ახალ, ბირთვული ქობინის მქონე რაკეტაზე „ორეშნიკი“, რომელიც, მისი თქმით, ოფიციალურად საბრძოლო მოქმედებებში ამ თვეში შევა.
პუტინმა შეაქო მოსკოვის ტოტალური ომი უკრაინის წინააღმდეგ და თქვა, რომ სრულმასშტაბიანი ომის წყალობით, რუსეთმა „დაიბრუნა სრული სუვერენიტეტი და გახდა სუვერენული ქვეყანა ამ სიტყვის ყველა გაგებით“.


