ინდოეთი და რუსეთი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ამის გასამყარებლად ნიუ-დელიში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი არაერთ დოკუმენტს, რომლებიც მეტწილად ენერგეტიკასა და თავდაცვას ეხება. ბრიქსის წევრი ინდოეთი და რუსეთი ამ მხრივ საერთო ხედვებზე საუბრობენ.
„ჩვენს შორის ხელმოწერილი დოკუმენტები მიმართულია იმისაკენ, რომ გააღრმაოს ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთსა და ინდოეთს შორის. წარმატებით მიმდინარეობს ენერგეტიკული პარტნიორობაც. რუსეთი ენერგორესურსების სანდო მიმწოდებელია ინდოეთისთვის.
ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საწვავის უწყვეტი მიწოდება ინდოეთის მზარდი ეკონომიკისთვის. ჩვენ შორის საუბარი საკვანძო გლობალურ თუ რეგიონულ საკითხებზე ადასტურებს, რომ ორი ქვეყნის პოზიციები შეკავშირებულია. რუსეთი და ინდოეთი ატარებენ დამოუკიდებელ და სუვერენულ საგარეო პოლიტიკას. ბრიქსის თანამოაზრეებსა და გლობალური უმრავლესობის სხვა ქვეყნებთან ერთად. ჩვენ წინ მივიწევთ იმ ძალისხმევაში, რომ ავაშენოთ უფრო სამართლიანი და უფრო დემოკრატიული მულტიპოლარული სამყარო”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
რიგით 23-ე ინდურ-რუსული სამიტი იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც აშშ-ის ლიდერობით დიპლომატები უკრაინაში რუსული აგრესიის შეჩერებას ცდილობენ და ამ მიზნით უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ ფლორიდაში. საკითხს გამოეხმაურა მასპინძელი ქვეყნის პრემიერიც. ნარენდრა მოდიმ აღნიშნა, რომ ინდოეთი მშვიდობის მხარესაა. თეთრი სახლის პრეტენზიების მიუხედავად, ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის შეძენას განაგრძობს, რითაც დონალდ ტრამპის მოსაზრებით, რუსულ ომს აფინანსებს უკრაინაში.
„ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ. ამ მხრივ შევთანხმდით 2030 წლის პროგრამაზე. ეს ჩვენს ვაჭრობასა და ინვესტიციებს დაბალანსებულს, დივერსიფიცირებულსა და მდგრადს გახდის. რაც შეეხება უკრაინას, ინდოეთი დასაწყისიდანვე მშვიდობის მხარეს იდგა. მივესალმებით იმ ძალისხმევას, რომელიც საკითხის მშვიდობიან და ხელშესახებ გადაწყვეტას ისახავს მიზნად. ინდოეთი ყოველთვის მზად იყო, გაეწია საკუთარი კონტრიბუცია ამ საქმეში და ასეც გააგრძელებს. ენერგეტიკული უსაფრთხოება ძლიერი და მნიშვნელოვანი საფუძველია ინდოეთისა და რუსეთის პარტნიორობაში. ჩვენ გავაგრძელებთ ათწლეულების წინ დაწყებულ ურთიერთობას სამოქალაქო დატვირთვის ბირთვული ენერგიის მიმართულებით”, – თქვა პრესკონფერენციაზე ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ.
თავად ნიუ-დელიში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი კი გრძელდება, რუსეთი ქვეყანაში ფართო დელეგაციითაა წარმოდგენილი. ეს ბოლო ოთხ წელში ვლადიმერ პუტინის პირველი ვიზიტია ინდოეთში.

