როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ევროპულ ინდუსტრიას, რომ სწრაფად, ეფექტიანად და მარტივად მოიფიქროს სამგანზომილებიანი მოდელები, შექმნას მათი დიზიანი და პროტოტიპები? სწრაფად მზარდი უნგრული კომპანია ამტკიცებს, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, რომელსაც კომპანიაში „უახლეს ინოვაციას“ უწოდებენ.
ბუდაპეშტში მოქმედმა კომპანიამ Shapr3D შექმნა პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტი, რომელიც წარმოებული პროდუქციის სწრაფი, მარტივი და ინტერაქტიული სამგანზომილებიანი მოდელირების საშუალებას იძლევა, იქნება ეს რობოტული მკლავი, ველოსიპედი თუ საპარსი მოწყობილობა, საბურავი თუ ყავის აპარატი. ეს კომპანია დააფუძნა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა და მეწარმემ იშტვან ჩანადიმ.
კომპანიაში თავს იწონებენ, რომ თვეში უკვე ასეულობით ათასი აქტიური მომხმარებელი ჰყავთ, რომლებსაც შეუძლიათ კომპლექსური იდეები სამგანზომილებიან მოდელად სულ რამდენიმე საათში ან დღეში აქციონ, ნაცვლად რამდენიმე კვირისა და თვისა. ათობით ათასი ასეთი მომხმარებელი ფულსაც იხდის, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა 3M-ი, DeLonghi-ი და Kenwood-ი.

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს უნდა შეექმნათ მინიმალისტური, ეფექტიანი და ადაპტირებადი ინტერფეისები, რომელთა საშუალებითაც მომხმარებელი შეძლებდა ნებისმიერი იდეის დახვეწილი სახით წარმოჩენას ერთ ქსელში ჩართულ დესკტოპებსა თუ მობილურ მოწყობილობებში.
Shapr3D-ის ერთ-ერთი კლიენტია პოლონური საწარმო Sohbi Craft Poland. მაღალ დონეზე მექანიზებულ ქარხანაში დაახლოებით 300 თანამშრომელი ლითონის ნაწილებს ამზადებს ავტომობილებისა და განახლებადი ენერგიების ინდუსტრიებისათვის, ასევე საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებისა და ელექტრონული პროდუქციისთვის. ამ ქარხანას სამხედრო ინდუსტრიისთვისაც კი აქვს ლითონის პროდუქციის წარმოების ლიცენზია. მისი პორტფოლიო 300 სხვადასხვა პროდუქტისგან შედგება. სწორედ ამიტომ იყენებენ ინდუსტრიის ინჟინრები ბუდაპეშტში შექმნილ პროგრამულ უზრუნველყოფას. ეს მექანიზმი მათ საშუალებას აძლევთ, რომ სწრაფად მოიფიქრონ და შექმნან წარმოებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების მოდელები, მათ შორის რობოტული მკლავი, საჭრელი ან ფორმის მიმცემი დაზგები, რომელთა საშუალებითაც ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებულ ლითონის კომპონენტებს აწარმოებენ.

“შემიძლია, დანადგარების, მოწყობილობების, ასევე იმ ინსტრუმენტების შექმნა, რომლებიც წარმოებისთვის არის საჭირო,“ – ამბობს გჟეგოშ გოსი, კომპანია Sohbi Craft Poland-ის ინდუსტრიული ინჟინერი. „ასეთი პროექტის საშუალებით შეგიძლია დაუყოვნებლივ დაიწყო წარმოება ან შეიძინო შესაბამისი ინსტრუმენტი, რომელიც იცი, რომ გამოგადგება“.
ბუდაპეშტში კი ინჟინრები პროგრამული უზრუნველყოფის შესძლებლობების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ეს ინსტრუმენტი Fortune 500-ის სიიდან კომპანიების 40-მა პროცენტმა უკვე გამოიყენა.
ავტორი: ხულიან გომესი

