კატეგორიები

საბერძნეთის კუნძულ ტილოსზე ნაგავსაყრელის პრობლემა გადაჭრეს

საბერძნეთის კუნძულ ტილოსზე ნაგავსაყრელის პრობლემა გადაჭრეს

კუნძულების უმეტესობას ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, არჩევანი არც აქვთ, გარდა იმისა, რომ საკუთარი ნარჩენები ნაგავსაყრელზე ჩამარხონ. საბერძნეთის კუნძულ ტილოსზე  სხვა გამოსავალი მოძებნეს. „ევრონიუსის“ კორესპონდენტი ჩავიდა ტილოსზე, რომელიც მსოფლიოში პირველი ნულოვანი ნარჩენების მქონე კუნძულია, რათა საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა და რამდენად შესაძლებელია მისი სხვაგან დანერგვა.

საბერძნეთში ტილოსის მსგავს ყველა პატარა კუნძულს ერთი და იგივე პრობლემა აქვს: ნარჩენების განთავსება. ნარჩენების სხვაგან გადაზიდვა ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ ასეთი კუნძულების უმეტესობა იმ გზას ირჩევს, რომელსაც ადრე ტილოსიც მიმართავდა - ნარჩენებს ნაგავსაყრელზე ფლავს. რასაც ვერ ხედავ - არც გაწუხებს. მაგრამ რამდენიმე წლის წინ ტილოსზე გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ ამ მეთოდზე. დღეს ეს კუნძული პლანეტაზე პირველი კუნძულია, სადაც ნარჩენების პრობლემა სრულად გადაიჭრა.

ტილოსი საბერძნეთის კუნძულთა არქიპელაგის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სამოთხის მსგავსი კუნძულია, რომელიც ისეთ ტურისტებს იზიდავს, რომელთაც სიმშვიდე და ზღვისპირეთი მოსწონთ. ისევე როგორც მავის უილიამსს, რომელმაც აქ სახლიც კი იყიდა შვიდი წლის წინ. თუმცა როცა დასახლდა, სრულიად მოულოდნელი რამ უთხრეს: ნაგავს ქუჩაში მდგარ ურნაში ვეღარ გადაყრიდა, რადგან ამიერიდან ნარჩენების წასაღებად პირდაპირ სახლის კართან მოაკითხავდნენ.

“მახსოვს, ვიფიქრე, ღმერთო, ნუთუ ეს მეთოდი გაამართლებს-მეთქი? რადგან ჩვენს სოფელში საკმაოდ ვიწრო ქუჩებია და როგორ უნდა შეეგროვებინათ ამდენი ნარჩენი? მანადე ქუჩაში უზარმაზარი ურნები იდგა, რომლებიც გადავსებული იყო და ხალხი პაკეტებს იქვე გვერდით  დებდა“, - ამბობს მავის უილიამსი.

კუნძულის თითოეულ მცხოვრებს დაურიგეს სპეციალური პარკები, რომლებშიც თავად უნდა დაეხარისხებინათ გადამუშავებადი და ორგანული ნარჩენები, რომლებსაც ნარჩენების შემგროვებელ ბრიგადას ჩააბარებდნენ.

  “ეს ბრიგადა ძალიან სწრაფად აგროვებს ნარჩენებს, არ ხდება ისე, რომ ძალიან დიდხანს გედოს სახლში ნარჩენები“, - განმარტავს მავისი.

ნარჩენებით სავსე თითოეული პარკსა და ყუთს ტილოსზე საკუთარი შტრიხკოდი აქვს. შემგროვებლები ადგილზევე ასკანირებენ კოდს და  ნარჩენების წონა ბაზაში შეჰყავთ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით მენეჯერები უფრო ეფექტიანად მართავენ სისტემას, მალევე ამჩნევენ პრობლემას და მოსახლეობას საშუალებას აძლევენ, რომ აპლიკაციის მეშვეობით თვალი მაიდევნოს თავისი ნარჩენების გადამუშავების პროცესს.

ლივადიაში, რომელიც კუნძულის მთავარი სოფელია, მცირე ელექტრომობილებით აგროვებენ ნარჩენებს როგორც მოსახლეობისგან, ისე სასტუმროების, რესტორნებისა და სანაპიროზე  მდებარე  სხვა ბიზნესებისგან.

ვირჯინია რუბაკი, ბერძნული ცირკულარული ეკონომიკის მიმდევარი კომპანია Polygreen ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების სპეციალისტი:

"ჩვენ ვამოწმებთ, რამდენად სწორად არის დახარისხებული პარკები - რომლებშიც განაწილებულია გადამუშავებადი, გადაუმუშავებელი და ორგანული ნარჩენები - და ვუხსნით მოსახლეობას, სწორად გადაანაწილეს თუ არა. თუ რომელიმეს დახმარება სჭირდება, სიამოვნებით ვეხმარებით ადგილზევე“.

ადრე ტილოსი ნარჩენების 87% პროცენტს ნაგავსაყრელზე აგზავნიდა. ახლა ასეთი ნარჩენების რაოდენობა ნულია. კუნძულზე საერთოდ აღარ არის ნაგავსაყრელი. ამ ადგილას, სადაც ერთ დროს ნაგვის უზარმაზარი გროვა იდგა - საიდანაც პლასტმასის ნივთები ქარს პლაჟზე ჩაჰქონდა - ახლა ცირკულარული ინოვაციის ცენტრი დგას, სადაც კუნძულის მთელ ნარჩენებს ახარისხებენ და ამუშავებენ.

სპიროს კასტანაკისი,  Polygon-ის პროექტის მენეჯერი:

 "ტილპსის ძველი ნაგავსაყრელიდაიხურა. აქ უბრალოდ შეუძლებელია, რამე დაფლა - ძველი სისტემა ახალმა გადამამუშავებელმა სისტემამ ჩაანაცვლა. ამ კუნძულზე ნარჩენები ისევ არის, მაგრამ მათ არსად ფლავენ, მათ 100%-ით ამუშავებენ. დავაზუსტებ: წელიწადში კუნძულზე 330 ტონა ნარჩენი გროვდება. აქედენ 60% გადამუშავებას ექვემდებარება, 30%- - ორგანულია, ხოლო დარჩენილი 10% ცემენტის ქარხნებს მიეწოდება, როგორც საწვავი“.

კუნძულზე შეგროვებულ ნარჩენებს ხელით 15 კატეგორიად ახარისხებენ: პლასტმასა, მინა, ალუმინი, ელემენტები, ქსოვილები  და ა.შ. ამის შემდეგ ნარჩენებს პრესავენ და კონტინენტზე აგზავნიან - არა როგორც ნაგავს, არამედ როგორც გადამუშავებისთვის საჭირო ძვირფას ნედლეულს.

"ასეთი პროგრამის წარმატების საიდუმლო ის არის, რომ მოსახლეობა იღებს მონაწილოებას და თავად ახარისხებს ნარჩენებს სახლში. იმიტომ, რომ, როდესაც დაუხარისხებელი მასალა მოდის, ჩვენ საქმე ძალიან გვირთულდება“, - ამბოსბ სპიროსი.

ნარჩენების იმ მცირე წილს, რომლის გადამუშავებაც შეუძლებელია, ცემენტის ქარხნისთვის საჭირო ალტერნატიულ საწვავად გარდაქმნიან. სურსათისა და სხვა ორგანული პროდუქტის ნარჩენებისგან კომპოსტურ სასუქს ამზადებენ, რომელსაც ადგილობრივებს უფასოდ ურიგებენ.

ნაგავსაყრელიდან თანამედროვე ცირკულარული ეკონომიკის მისაბაძ მაგალითამდე - ამ გარდაქმნას აღიარებს ევროპული სტანდარტის სერტიფიცირების პროგრამა „ნულოვანი ნარჩენების მქონე ქალაქები“ (Zero Waste Cities). მაგრამ ტილოსი მისაბაძ მაგალითს პირველად არ იძლევა. ეს კუნძული წლების წინ გადავიდა განახლებად ენერგეტიკაზე. გარემოს დაცვაზე ზრუნვისადმი მიდრეკილება დაეხმარათ კუნძულელებს, როდესაც კომპანია Polygreen-მა, რომელიც ნარჩენების გადამამუშავებელი ბერძნული კომპანიაა, ტილოსზე შემოიტანა ნულოვანი ნარჩენების კონცეფცია - რომელსაც სამხრეთ ეგეოსის კუნძულების რეგიონი უჭერდა მხარს. ინფორმაციის კარდაკარ გავრცელების კამპანიის წყალობით პროექტში მოსახლეობაც ჩაერთო. კუნძულის მერი მარია კამა იხსენებს:

"პირველ რიგში, სკოლებში  მივედით და ბავშვები დავარწმუნეთ,“ - განმარტავს ტილოსის მერი მარია კამა. „ბავშვებმა ინფორმაცია მშობლებს გადასცეს და ასე დაიწყო გავრცელება. მერე მოხუცებს გავესაუბრეთ და ავუხსენით, რომ ქუჩებში აღარ იქნებოდა ურნები. „აბა, სად წავიღოთ ნარჩენები?“ - იკითხეს. ჩვენ ვუპასუხეთ: „არსად - ჩვენ მოვალთ სახლის კართან და წავიღებთ“. ეს უკვე მოეწონათ“.

მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ ტურისტები? კუნძული, რომელზეც მუდმივად სულ 500 ადამიანი ცხოვრობს, ეკონომიკურად ძალიან არის დამოკიდებული სეზონურ ტურისტებზე. და რაკი ქუჩაში სულ ერთი-ორი ურნაღა დარჩა, ტურისტებს ხშირად ნარჩენების წაღება სასტუმროში უწევთ. თუმცა სუფთა ქუჩა ამად ღირს - ყოველ შემთხვევაში ინგლისიდან ჩამოსულები ასე ფიქრობენ.

“არავითარი პრობლემა არ მექმნება, ნარჩენს უბრალოდ ზურგჩანთაში ვდებ,“ - ამბობს ბრიტანელი ტურისტი ჯეინ კუკნი. „ეს ხომ გაცილებით ესთეტიკურია და სასიამოვნო - არ ჯობია, სუფთა ქუჩას უყურო, ვიდრე გადავსებულ ურნებს. არც სუნი აღარ დგას!“

გარდა იმისა, რომ კუნძულზე ნარჩენებს ამუშავებენ, ნაკლებსაც ყრიან. ტილოსის მცხოვრებნი ახლა 43 პროცენტით ნაკლებს აგდებენ, ვიდრე პროექტის დაწყებამდე. იმის გააზრება, რომ ყველაფერი ხელით კეთდება და თანაც ყველას შეუძლია საკუთარი ნარჩენების მოცულობა მეზობლებისას შეადაროს - ხალხს უბიძგებს, რომ ნივთები ხელახლა გამოიყენონ ან გადააკეთონ, ვიდრე უბრალოდ გადაყარონ. სტატის კონტოსი ტილოსის მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანია - მთავარი ადმინისტრატორი.

სტატის კონტოსი:

 "ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ისეთი მიდგომა, როდესაც ნარჩენს ნედლეულად განვიხილავთ. ყველაფრის ხელმეორედ გამოყენება შეიძლება და ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ ხელმეორედ გამოვიყენოთ რაღაც, რასაც სხვა გადააგდებდა. ამისთვის მივმართავთ გადამუშავებასაც და კომპოსტირებასაც. გვჯერა, რომ ამის გაკეთება ყველგან შეიძლება. ეს განათლების საკითხია, თუ რას ასწავლი ახალ თაობას და როგორ მიდგომას აირჩევ. ჩვენ განსხვავებულად უნდა შევხედოთ საგნებს“.

ტილოსის „ნულოვანი ნარჩენების“ (Just Go Zero Tilos) პროექტი მზადაა, გაფართოვდეს. რეგიონული მთავრობა ამ მოდელის სხვა პატარა კუნძულებზე გავრცელებასაც გეგმავს მთელ საბერძნეთში, რათა ყველგან შეწყდეს ნარჩენების ჩამარხვის პრაქტიკა და ისე გადაამუშაონ, როგორც წესი და რიგია.

ავტორი: დენის ლოქტიე

დაკავშირებული ამბები
საბერძნეთის კუნძულ ტილოსზე ნაგავსაყრელის პრობლემა გადაჭრეს საბავშვო თამაშებიდან რაკეტის შექმნამდე - პორტუგალიაში პლატფორმა Ubbu დაწყებით სკოლაში კომპიუტერულ პროგრამირებას ასწავლის