საუდის არაბეთის ხელისუფლების ცნობით, 10 ოქტომბერს ერ-რიადის აეროპორტზე თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.
საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიცია აცხადებს, რომ იერიში იემენელმა ჰუსიტებმა მიიტანეს, რომელთა სამიზნე სამგზავრო ტერმინალი იყო.
საუდის არაბეთის განცხადებით, თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ აეროპორტის ერთ-ერთ ტერმინალზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 11 კი დაიჭრა.
10 და 11 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. ბრიგადის გენერალმა იაჰია სარიმ წინასწარ ჩაწერილ განცხადებაში აღნიშნა, რომ ერ-რიადში მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმების დროს მათ ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე დრონები გამოიყენეს.
„ღმერთის შეწევნით, შეიარაღებულმა ძალებმა გასული 24 საათის განმავლობაში ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე დრონებით ოთხი მასშტაბური ოპერაცია განახორციელეს. პირველი ოპერაციის დროს, რომელიც სამ ეტაპად წარიმართა, სამიზნე იყო ერ-რიადში მდებარე მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი; ოპერაცია წინა საღამოს დაიწყო და შედეგად საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა, აეროპორტი კი სრულად დაიხურა. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა საერთაშორისო კომპანიას, ექსპერტს, თანამშრომელს, მუშაკსა და მოგზაურს მთელი მსოფლიოდან, რომ არ შეასრულონ ფრენები საუდის არაბეთის აეროპორტების მიმართულებით, რადგან ეს სახიფათოა; გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ წმინდა ქალაქების, მექისა და მედინის, აეროპორტები და საჰაერო სივრცე“. - განაცხადა, ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენელმა, იაჰია სარიმ.
დაღუპულები საუდის არაბეთის, ბაგლადეშის, აშშ-ის, იორდანიის, სირიის, პალესტინისა და სუდანის მოქალაქეები არიან. დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
ფრენების მონიტორინგის ვებგვერდ Flightradar24-ის ინფორმაციით, ერ-რიადის მიმართულებით ყველა რეისი შეიცვალა ან გაუქმდა.
თავდასხმა იმ ფონზე ხდება, როდესაც იემენის ომი, რომელიც 2014 წელს დაიწყო, ივლისში ზავის ჩაშლის შემდეგ კვლავ მწვავდება.
საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ 2015 წელს ჰუსიტების წინააღმდეგ იემენის მთავრობის მხარდასაჭერად სამხედრო ჩარევა განახორციელა.
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი დაგმო მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის, გაეროსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა.
