მთავარიევროპაბელგიაბელგიელი ფერმერი სასამართლოში ენერგოგიგანტ „ტოტალ ენერჯის“ უჩივის

ბელგიელი ფერმერი სასამართლოში ენერგოგიგანტ „ტოტალ ენერჯის“ უჩივის

ბელგიელი ფერმერი სასამართლოში უჩივის ენერგოგიგანტ „ტოტალ ენერჯის“ და ამტკიცებს, რომ კომპანიის საქმიანობამ კლიმატის ცვლილებაზე გავლენა იქონია და მის მეურნეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სარჩელით, რომელსაც გარემოსდამცველები უჭერენ  მხარს, მოითხოვენ როგორც ფინანსურ კომპენსაციას, ასევე იმ ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ტემპერატურის ზრდის შეჩერების მიზნით, ნავთობისა და გაზის წარმოების შემცირებას უზრუნველყოფს.

ფერმერ იუგ ფალისის თქმით,  პროცესი დაიწყო იმისთვის, რომ „ტოტალ ენერჯიმ“ შეცვალოს საქმიანობის მეთოდები, შეამციროს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა და  ზიანი, რომელიც სოფლის მეურნეობას მიადგა. მას სოლიდარობა დაახლოებით 50-მა ადამიანმა გამოუცხადა.

„ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ კომპანია „ტოტალ ენერჯის” პასუხისმგებლობა დავაკისროთ. გვინდა, დავანახოთ, რომ მათ საქმიანობას კლიმატის ცვლილებაზე სერიოზული გავლენა აქვს, ეს კი პირდაპირ აისახება არა მხოლოდ სოფლად მდებარე ფერმებზე,  არამედ მთლიანად საზოგადოებაზე. ამიტომაც ვითხოვთ, რომ სასამართლომ აიძულოს, შეცვალოს თავისი პრაქტიკა, რათა მომავალში მისი საქმიანობა ნაკლებად საზიანო იყოს როგორც საზოგადოებისთვის, ისე სოფლის მეურნეობისთვის“, – აცხადებს ბელგიელი ფერმერი იუგ ფალისი.

მოსმენა გაგრძელდება 11 დეკემბრამდე, საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლეები 2026 წლის იანვრის დასაწყისში გამოაცხადებენ.

ბელგიელი ფერმერი იუგ ფალისი სასამართლოს შენობასთან დგას, ბელგია, 19 ნოემბერი, 2025 წელი Copyright AP Photo/Sylvain Plazy

„„გრინპისი“ მხარს უჭერს ფერმერ იუგ ფალისს „ტოტალ ენერჯისთან“ დაკავშირებულ საქმეში. ვფიქრობთ,  დროა, დასრულდეს ის, რაც დღემდე გრძელდება. ის ვინც აბინძურებს გარემოს, სამწუხაროდ, არ ისჯება.  ეს საკითხი  სასამართლოში უნდა გადაწყდეს. სწორედ ამიტომ ვთხოვთ მოსამართლეს, დღეს და მომდევნო კვირების განმავლობაში დაავალდებულოს კომპანია, „ტოტალ ენერჯიმ” შეცვალოს თავისი პოლიტიკა და გაითვალისწინოს პარიზის კლიმატის შეთანხმება. ეს ნიშნავს, რომ კომპანიამ უნდა შეწყვიტოს ახალი ინვესტიციები წიაღისეული საწვავის სფეროში. ასევე ვთხოვთ სასამართლოს, კომპანიამ აუნაზღაუროს ის ფინანსური ზარალი, რომელიც ფერმერ იუგ ფალისს კლიმატის ცვლილების შედეგად მიადგა“, – ამბობს „გრინპის ბელგიის“ წარმომადგენელი იური ტეისი.

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში გარემოსდამცველმა ორგანიზაციებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მსოფლიოში არაერთი სარჩელი მოამზადეს მსხვილი ნავთობკომპანიების წინააღმდეგ, რომელთა საქმიანობასაც  კლიმატის ცვლილებაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend