ევროპაში აგრარული ბიოტექნოლოგიების ახალი თაობა იქმნება, რომელიც კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით სრულიად გარდაქმნის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის მეთოდებსა და წესებს.
ფრანგულ აგრობიოტექნოლოგიურ სტარტაპს Elicit Plant-ს გამძლე მარცლეული მოჰყავს, რომელსაც მყარი ღერო და გრძელი ფესვები აქვს. 2017 წელს დაარსებული საწარმო, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ სოფლის მეურნეობის კლიმატის ცვლილებასთან ადაპატაციისთვის შეეწყო ხელი, ახლა საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს მდგრადი აგრარული მეურნეობის მიმართ თავისი ინოვაციური მიდგომის გამო. კომპანიის მიზანია, რომ 2025 წლის ბოლოსთვის მსოფლიოს მასშტაბით ერთი მილიონი ჰექტარი ფართობი ჰქონდეს დამუშავებული. კომპანიის სამი დამფუძნებლიდან ერთ-ერთი აიმერიკი ინჟინერ-აგრონომია, რომელსაც თავის მიწაზე საცდელი მარცვლეული მოჰყავს.
“ფიტოსტეროლი ბუნებრივი მოლეკულაა, რომელსაც ყველა მცენარე შეიცავს. ის ამარატივებს მცენარის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის რეგულაციას, რაც საშუალებას აძლევს მცენარეს, რომ სხვადასხვა რთულ გარემოფაქტორს შეეგუოს,“ – გვიხსნის აიმერიკ მოლინი, Elicit Plant-ის გენერალური დირექტორი. “ჩვენი ჩანაფიქრი ის იყო, რომ გვქონოდა ისეთი ადგილი, სადაც ერთად იმუშავებდნენ ბიოლოგები, ქიმიკოსები და აგრარული სექტორისთვის განკუთვნილი პროდუქტის ფორმულის მკვლევრები. აქვე უნდა ყოფილიყო ფერმაც, სადაც ჩვენს მიერ შექმნილ ახალ ტექნოლოგიებს გამოვცდიდით, ვნახავდით, როგორ ამართლებს მიწის დამუშავების დროს და ფერმერებს სანდო პირობებს წარვუდგენდით“.
ამ კომპანიის სათავო ოფისები, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული სოფლის მეურნეობისა და კვლევის ცენტრებია, რომლებიც აღჭურვილია როგორც ბიოლოგიური, ისე ქიმიური ლაბორატორიებით და მცირე ზომის საწარმოთი. საერთაშორისო მკვლევართა გუნდი მუშაობს პროექტებზე, რომლებიც ძალიან სწრაფად გადადის თეორიიდან პრაქტიკაზე.
“ჩვენ ზედმიწევნით ვაკვირდებით მცენარის მოლეკულურ რეაქციას. ბიოსტიმულატორით დამუშავების შემდეგ შევამოწმებთ, შეიცვალა თუ არა მცენარეში გარკვეული გენები, რომლებიც დამუშავებამდე გამოიკვეთა. ამ გზით მანამდე ვაზუსტებთ, თუ რა რეაქცია აქვს მცენარეს დამუშავებაზე, სანამ მინდორში დავთესავთ,“ – ამბობს მაგდალენა კუტნიკი, ლაბორატორიების ხელმძღვანელი. „ჩვენი საველე ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ დამუშავებულ სიმინდს, დაუმუშავებელთან შედარებით, საშუალოდ 20%-ით ნაკლები წყალი სჭირდება“.
Elicit Plant-ის პროდუქტის მსგავსი ბიოსტიმულატორები 90-იან წლებში გამოჩნდა და სულ უფრო პოპულარული გახდა. ამ პროდუქტს 2022 წლიდან ევროპული კანონმდებლობაც არეგულირებს და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ყველგან ხელმისაწვდომია, რაც დიდი უპირატესობაა, როგორც აიმერიკი ამბობს.
“ჩვენ ერთ-ერთმა პირველებმა მივიღეთ ევროპაში ავტორიზაცია, რაც საშუალებას გავძლევს, რომ ერთი და იგივე პროდუქტი ერთი ნებართვით ევროკავშირის ყველა ქვეყანაში გავიტანოთ. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობა მთელ ევროპაში უფრო თანმიმდევრული გახდა“, – განმარტავს აიმერიკ მოლინი.
კლიმატი სულ უფრო მეტად იცვლება, რის გამოც მცენარეების მიერ წყლის მოხმარების რეგულირიება სტრატეგიულ საკითხად იქცა. ევროპულ ინოვაციებს შეუძლიათ, ერთ მშვენიერ დღეს იმ განვითარებად ქვეყნებშიც დაეხმარონ ფერმერებს, რომლებიც უფრო ხშირად განიცდიან წყლის დეფიციტს, ქვეყნებში, რომლებშიც თანამედროვე და ზუსტი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაკლებობის გამო, გამოსავლის პოვნა ხშირად ძალიან რთულია.
ავტორი: მონიკა პინა

