პოლონეთის ხელისუფლება ადასტურებს ინფორმაციას, რომ ვარშავასა და ლუბლინს შორის არსებულ რკინიგზის მონაკვეთზე მომხდარი აფეთქება დივერსიული აქტი იყო. რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა ლიანდაგები და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები. ინციდენტის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
პოლონეთის ოფიციალური პირები, მომხდარში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობის შესახებ საუბრობენ. მიმდინარეობს გამოძიება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რკინიგზის ხაზზე მომხდარი აფეთქება დივერსიული აქტი იყო.
„დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე, მატარებელი რკინიგზის ხაზზე გაჩერდა, რადგან ლიანდაგზე ხვრელი შენიშნეს. პოლიცია, პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიურო, უსაფრთხოების სააგენტო, სახანძრო სამსახური, ასევე სახელმწიფო სამსახურისა და პროკურატურის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ, რათა გამოეძიებინათ, თუ რასთან გვქონდა საქმე. როგორც ვთქვი, ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელმაც რკინიგზის ლიანდაგები დააზიანა. გუშინ ადგილზე მომუშავე ექსპერტებმა ეს ეჭვი დაადასტურეს. გუშინ, საღამოს დაახლოებით ათის ნახევარზე, კიდევ ორი ინციდენტი დადასტურდა. მაპატიეთ, ამ სიტყვას რომ ვიყენებ, მაგრამ როგორც ვთქვი, ეს საკითხი ჯერ კიდევ გადასამოწმებელია და შესაბამისი სამსახურები ამაზე მუშაობენ” – განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინიტრმა მარჩინ კერვინსკიმ.
ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევის დროს მატარებელში ორი მგზავრი და რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
„ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ ეს უცხოური სადაზვერვო სამსახურების დავალებით ხორციელდება. ამას ადასტურებს პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები“. – აცხადებს პოლონეთის სახელმწიფო მინისტრი და სპეცსამსახურების კოორდინატორი ტომაშ სემონიაკი.
დამატებითი შემოწმებით კი დადგინდა, რომ დაზიანებულია ლიანდაგის მონაკვეთი სოფელ მიკასთან, რომელიც ვარშავიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს და კიდევ ერთი ადგილი. პოლონეთის პრემიერის შეფასებით, ეს დივერსიის უპრეცედენტო აქტი იყო.
პოლონეთის ხელისუფლებამ 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ათობით ადამიანი დააკავა საბოტაჟისა და ჯაშუშობის ბრალდებით.

