კატეგორიები

მასშტაბური პროტესტი მექსიკაში

მასშტაბური პროტესტი მექსიკაში

მექსიკაში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს – პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის მთავრობის წინააღმდეგ მეხიკოს ქუჩებში ათასობით მოქალაქე გამოვიდა. საპროტესტო აქცია ახალგაზრდების მიერ იყო ორგანიზებული. დემონსტრაციას მალევე შეუერთდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. აქციაში მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიებიც.

ქუჩაში გამოსული მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კრიმინალის გამო, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, ხელისუფლება კი მათი თქმით, ვითარების გამოსასწორებლად არაფერს  აკეთებს.

„ჩვენ ქვეყანაში ყოველდღიურად ვაწყდებით დაუცველობის პრობლემას. აქ შეიძლება ვიღაც მოვიდეს, მოგკლას და ამას რეაგირება არ მოჰყვეს“ – ამბობს აქციის მონაწილე, არიზბეთ გარსია.

თავდაპირველად, საპროტესტო აქციები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა მალევე ახალგაზრდა დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო. მექსიკის დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე, ზოკალოზე, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ფოიერვერკები ესროლეს, საპასუხოდ კი პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა დაგმო აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობა. მისი განცხადებით, მემარჯვენე პარტიები ცდილობენ, შეუერთდნენ ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ მოძრაობას. პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიები აქციებზე ხალხის მოზიდვის მიზნით, სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„მათ მოხსნეს ბარიერები და ჩაამსხვრიეს ფანჯრები. ჩვენ ძალადობის წინააღმდეგი ვართ. თუ რამეს არ ეთანხმებით, მშვიდობიანი დემონსტრაცია უნდა მოაწყოთ. ცვლილება ძალადობით არ მიიღწევა. ეს მხოლოდ მშვიდობიანი გზითაა შესაძლებელი“, – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა.

მექსიკის დედაქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მდივანმა, პაბლო ვასკესმა, განაცხადა, რომ შეტაკებების დროს 120 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 100 პოლიციელი. ამასთან სამართალდამცველებმა აქციის 20 მონაწილე დააკავეს.

Related news
მექსიკაში ეროვნულ გვარდიასა და ნარკოკარტელებს შორის მომხდარი შეტაკებისას გვარდიის 25 წევრი დაიღუპა ხალისკოს ახალი თაობის კარტელის ლიდერი, ნემესიო ოსეგერა სერვატესი, იგივე „ელ მენჩო” მოკლეს
სხვა ამბები