მთავარიგადაცემებიMade in Europeიოზეფ პრუშა: ჩეხი მეოცნებე, რომელიც ევროპის მომავალს სამგანზომილებიანი პრინტერით ბეჭდავს

იოზეფ პრუშა: ჩეხი მეოცნებე, რომელიც ევროპის მომავალს სამგანზომილებიანი პრინტერით ბეჭდავს

სტუდენტობის დროს მუსიკალური ინსტრუმენტით დაწყებული ჩხირკედელაობა ჩეხმა იოზეფ პრუშამ საბოლოოდ ევროპული დონის პოპულარულ ტექნოლოგიად აქცია და თავისი შემოქმედებითი ნიჭის წყალობით გლობალური დონის სამგანზომილებიანი საბეჭდი დანადგარების დიდი საწარმო შექმნა.

ჩვენ შესაძლოა ამას ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ გარს  სამგანზომილებიანი სამყარო გვაკრავს. სამგანზომილებიანი საბეჭდი მანქანა  ჩვენი მოხმარებისა და წარმოების მეთოდებს სრულიად ცვლის, რითაც ზოგავს დროს, ენერგიასა და ფულს. და ერთ-ერთი ასეთი გლობალური დონის გიგანტი ევროპაში, კერძოდ, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დგას.

იოზეფ პრუშა  ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი იყო 16 წლის წინ, როდესაც  სამგანზომილებიანი ბეჭდვის სამყარო აღმოაჩინა.

იოზეფ პრუშა Josef Průša, კომპნია Prusa Research-ის ხელმძღვანელი:

“მუსიკით ვიყავი გატაცებული, ხშირად ვმარათავდი კონცერტებს და ბევრი ღილაკი და ხმის გამაძლიერებელი მჭირდებოდა. ვეძებდი გზებს, რომ ეს ყველაფერი თავად გამეკეთებინა. ამ დროს გაერთიანებულ სამეფოში ქალაქ ბათის  უნივერსიტეტს ჰქონდა სამგანზომილებიანი თვითმბეჭდი პრინტერების პროექტი და გადავწყვიტე, თავად გამეკეთებინა ასეთი აპარატი. ძალიან მოკლე დროში ჩემი დიზაინი დე ფაქტო სტანდარტად იქცა იმ ხალხისთვის, რომელიც ასეთ დანადგარს ქმნიდა. მე ჯერ ისევ ვსწავლობდი, სწავლა მივატოვე და საკუთარი ბიზნესი დავიწყე“.

2012 წელს საკუთარი სტარტაპის დაფუძნების შემდეგ იოზეფ პრუშას რეპუტაცია სულ უფრო იზრდებოდა. განსაკუთრებული პოპულარობა დამცავი პირბადე-ფარების წარმოებამ და ამ პროდუქტით ჩეხეთის საავადმყოფოების მომარაგებამ მოუტანა კოვიდის პანდემიის დროს. ახლა ეს კომპანია თვეში 10 ათას სამგანზომილებიან პრინტერს აწარმოებს და ყველა კონტინენტზე 120 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე. კომპანია 1200 ადამიანს ასაქმებს და წელიწადში 160 მილიონ ევროზე მეტი შემოსავალი აქვს. იოზეფ პრუშა ახლახან ჩეხეთის რესპუბლიკის ღირსების მედლით დააჯილდოვეს იმ დამსახურებისთვის, რომელიც მას ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მიუძღვის.

“ჩემი მოტივაცია ის არის, რომ ტექნოლოგია წინ წავწიო, დანადგარების გამოყენებისა და გაუმჯობესების ახალი გზები ვიპოვო. ეს დანადგარი უბრალოდ ჰობის მიზნითაც შეიძლება შეიძინო და შეიძლება ისეთი კომპანიის განვითარების მამოძრავებელ ძალადაც აქციო, რომელიც 100 ათას ადამიანს ასაქმებს მთელ მსოფლიოში. ეს ხომ საოცარია“, – ამბობს იოზეფ პრუშა.

კომპანია Prusa Research-ის კლიენტებს შორის რამდენიმე ინდუსტრიული გიგანტიცაა, მათ შორის კოსმოსის ათვისების სფეროდან. კომპანია ჩეხეთის რესპუბლიკაში ოთხ ქარხნას ამუშავებს და გეგმავს, რომ გახდეს სამგანზომილებიანი პრინტერებისა და ბოჭკოების წამყვანი მეწარმე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც ცოტა ხნის წინ გახსნა საწარმო, რომლის ფართობიც 10 ათასი კვადარატული მეტრია. იოზეფ პრუშა ჩინეთს კონკურენციას ევროპულ ექსპერტულ ცოდნაზე დაყრდნობით უწევს.

“ჩვენ ზოგიერთ ისეთ ტექნოლოგიაზეც ვმუშაობთ, რომელიც მეწარმეებს საშუალებას მისცემს, რომ სამგანზომილებიანი პრინტერი გამოიყენონ, როგორც წარმოების ძირითადი მეთოდი,“ – განმარტავს იოზეფ პრუშა. ეს გზას გაუხსნის უზარმაზარ საწარმოო პოტენციალს ევროპაში, რათა გარკვეული პროდუქტის წარმოება ისევ ევროპაში დაბრუნდეს და უფრო თვითკმარი გავხდეთ. ეს ტექნოლოგია აქ უნდა დამზადდეს, ხელმისაწვდომ ფასად. ეს ინდუსტრიის სტრატეგიული დარგია“.

ამ ტექნოლოგიამ ხელი შეუწყო კიდევ ერთ ჩეხურ კომპანიას – Sensioს, რომელიც პრაღიდან დაახლოებით 300 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ამ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ, რომლის პროფილიც ხელოვნების სკოლებისა და ბიზნესკლიენტებისთვის საინფორმაციო სისტემების შექმნააა, კოვიდის კრიზისის დროს ახალი ნიშა აითვისა, რისთვისცა პრუშას სამგანზომილებიანი პრინტერი გამოიყენა.

იან ტობოლიკი,  Sensio.Cz-ის ხელმძღვანელი, MyCello-ოს თანადამფუძნებელი:

“ჩვენ ზონრები სამგანზომილებიანი პრინტერით  დავამზადეთ ნიღბებისთვის, რომლებიც  სამედიცინო სექტორს სჭირდებოდა კოვიდის გამო. ეს იყო პირველი, რაც ამ პრინტერზე დავბეჭდეთ საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის. შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ამ პრინტერით სხვა საგნების დამზადებაც შეიძლებოდა“.

“ჩემს ბინაში რეპეტიციისთვის ჩუმი ჩელო მჭირდება, მეზობლები რომ არ შევაწუხო. ამიტომ გამიჩნდა აზრი, რომ პრინტერზე უხმო ჩელო დამემზადებინა  ჯერ ჩემთვის და მერე უკვე სხვებისთვისაც“, – ამბობს ონდრჟეი კრატოხვილი, MyCello-ს თანადამფუძნებელი, პროექტის მენეჯერი და ჩელისტი.

ამ იდეამ კომპანიას რამდენიმე ჯილდო და სწრაფი ზრდა მოუტანა. თავისი ძირითადი საქმიანობის გარდა, კომპანია Sensio ახლა ელექტრონული ჩელოების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია ევროპაში და ამ ინსტრუმენტს მთელ მსოფლიოში ყიდის. ევროპული წარმატების ნამდვილად საამაყო ისტორია გახლავთ.

უკან, ჩეხეთის დედაქალაქში, დაბრუნებულებს კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდა აქაურებისთვის ჩვეულებრივ, მაგრამ ამავე დროს სრულიად განსხვავებულ ლუდსახარშში სახელწოდებით Andělský Pivovar-ი. ლუდის დამამაზადებელ ცისტერნებს შორის პრუშას ორი სამგანზომილებიანი პრინტერი დგას, რომლებიც დღე და ღამე მუშაობს.

მილან რეიჰოლეჩი,  ლუდსახარშ Andělský Pivovar-ის მფლობელი და ხელმძღვანელი:

“ჩვენ ვბეჭდავთ კათხის სადგამებს, რომლებიც გაცილებით იაფია, ვიდრე  ძველი ქაღალდისა. თანაც უფრო დიდხანს ძლებს. ვბეჭდავთ  ლუდის ქილის ჩასადებებს, ამ ქილების გადასატან კალათებს, რათა ხალხმა ადვილად წაიღოს ლუდი. ეს ჩვენთვის რეკლამაც არის. ასე თანხებს ვზოგათ რეკლამაზე, რადგან თავად ვაწარმოებთ პროდუქტსაც და მის სარეკლამო მასალასაც. ასე ხალხიც უკეთ გვიმახსოვრებს“.

სამგანზომილებიანი პრინტერი, რომელიც ამ კომპანიის ბიზნესსტრატეგიის განუყრელ ნაწილად იქცა, საშუალებას აძლევს საწარმოს, რომ ლუდსახარშის აღჭურვილობის კომპონენტებიც ჩამოასხას, როგორებიცაა, მაგალითად, ფერმენტაციის ცისტერნების მართვის პულტი ან მარტივი დამჭერები. და ეს სულაც არ არის უმნიშვნელო წვრილმანები, ამბობს ლუდის  ოსტატიმილან რეიჰოლეჩი.

ავტორი: ვალერი გორია

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend