ჟენევა იუველირების ყურადღების ცენტრშია ორი გამორჩეული ალმასის გამო, რომლებმაც კოლექციონერებისა და ექსპერტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ლურჯი „მელონის ალმასი“ და ვარდისფერი ალმასი იშვიათი ბუნებრივი ქვებია, რომელთა ღირებულებაც ათეულობით მილიონ დოლარს აღემატება.
„მელონის ალმასის“ წონა 9.51 კარატია, ნუშის ფორმისაა და მას ლურჯი ფერი დაჰკრავს. Christie’s-ის იუველირული განყოფილების ხელმძღვანელი მაქს ფოსეტი აღნიშნავს, რომ დღეს ალმასების დიდ ნაწილს სპეციალური ჭრის გამო აქვთ მკვეთრი ფერი, თუმცა ამ თვალს ისედაც ბუნებრივი ბრწყინვალება აქვს.
„ბოლო წლებში მოჭრილი თანამედროვე ალმასების უმეტესობა სპეციალურადაა მოდიფიცირებული, რათა ფერი უფრო გამოკვეთილი და ბრწყინვალე ჰქონდეს. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან ფერი ალმასისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ როცა გაქვს ქვა, რომელსაც ბუნებრივად აქვს იდეალური ფერი და ფორმა, ეს უკვე უნიკალური შემთხვევაა. ესე იგი ეს ის ალმასია, რომელიც ყველასგან გამორჩეულია“, – განაცხადა Christie’s-ის იუველირული განყოფილების ხელმძღვანელმა მაქს ფოსეტიმ.
სოტბის აუქციონზე წარმოდგენილია კიდევ ერთი განსაკუთრებული ქვა, ვარდისფერი ალმასი. მისი წონა 10 კარატს აჭარბებს. სპეციალისტების შეფასებით, ის თითქმის უნაკლოდ სუფთაა. ჟენევის იუველირული განყოფილების ხელმძღვანელი ჯესიკა უინდჰემი ამბობს, რომ 10-კარატიანი ალმასის აღმოჩენა იშვიათი მოვლენაა.
„ეს ძვირფასი ქვა განსაკუთრებულია, რადგან 10 კარატზე მეტს იწონის. ეს კი იუველირებისთვის მნიშვნელოვანი საზომია. ასეთ ზომამდე რომ მივიდეს ქვა და, ამავდროულად, ჰქონდეს ასეთი ინტენსიური ფერი, მართლაც იშვიათობაა. მსგავსი ხარისხისა და ზომის ალმასი ბაზარზე წლების განმავლობაში ერთხელ თუ გამოჩნდება, ამიტომ მისი აუქციონზე გატანა დიდი მოვლენაა“, – ამბობს Sotheby’s-ის იუველირული განყოფილების ხელმძღვანელი ჟენევაში ჯესიკა უინდჰემი.
ძვირფასი ქვა აღმოჩენილია ანგოლაში, ლულოს მაღაროში, რომელიც ცნობილია დიდი ზომისა და იშვიათი ფერის ქვებით. სპეციალისტების ვარაუდით, მისი ფასი დაახლოებით 20 მილიონ დოლარს მიაღწევს.
გარდა ამისა, სოტბის აუქციონზე წარმოდგენილია ისტორიული კოლექცია, რომელიც მოიცავს სამეფო და დიდგვაროვანთა სამკაულებს, მათ შორისაა ქვა, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტს ეკუთვნოდა. ექსპერტების თქმით, მსგავსი ოსტატობით დღეს აღარ ქმნიან სამკაულებს.


