მთავარიევროპაბელგიაბელგიაში დრონების გამო ათობით რეისი გაუქმდა - ბრიუსელში უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა...

ბელგიაში დრონების გამო ათობით რეისი გაუქმდა – ბრიუსელში უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა

ბელგიელმა პოლიტიკოსებმა ხუთშაბათს ბრიუსელში საგანგებო შეხვედრას გამართეს, მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე დრონების გამოჩენის გამო ქალაქის მთავარ აეროპორტში ათობით რეისი გაუქმდა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიუსელის აეროპორტის მუშაობა დრონების გამო მთლიანად შეჩერდა. ცოტა უფრო ადრე, შაბათ-კვირას ბელგიის ჩრდილოეთ ნაწილში, კლაინე-ბროგელის სამხედრო ბაზასთან, სადაც აშშ-ის ბირთვული იარაღია განთავსებული, უცნობი დრონები გამოჩნდნენ.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა მოიწვია ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელშიც თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ.

დრონების ოპერატორების ვინაობა ამ დრომდე უცნობია. თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა განაცხადა, რომ „ეს არ არის მოყვარულთა ნამუშევარი“, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუზუსტებია.

ფრანკენის თქმით, შაბათსა და კვირას ფრენები შესაძლოა ჯაშუშური ოპერაციის ნაწილი იყოს, რომლის მიზანიც დესტაბილიზაციაა.

მინისტრის ინფორმაციით, დრონები ბაზის თავზე ორ ეტაპად გაფრინდნენ – პირველად მცირე ზომის აპარატები, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, უსაფრთხოების სამსახურების მიერ გამოყენებულ რადიოსიხშირეებს ამოწმებდნენ;

მოგვიანებით, უფრო დიდი დრონები გამოჩნდნენ, რომლებიც სხვა სიხშირეზე მუშაობდნენ.

დრონები გასულ თვეშიც არაერთხელ შენიშნეს, მათ შორის, გერმანიის საზღვართან მდებარე ბელგიურ სამხედრო ბაზასთან.

ბოლო თვეებში მსგავსი ინციდენტების გამო ევროპის რამდენიმე აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა.

ბელგია ნატოსა და ევროკავშირის შტაბ-ბინების მასპინძელია და იქვე მდებარეობს ევროპის უდიდესი ფინანსური ცენტრი, რომელიც ათობით მილიარდი ევროს გაყინულ რუსულ აქტივებს ინახავს.

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ უკვე მოითხოვა ამ აქტივების გამოყენება უკრაინისთვის სესხების გაცემის გირაოდ, თუმცა ბელგია ამ დროისთვის ინიციატივას ეწინააღმდეგება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend