მექსიკაში მოკლულ მერს, კარლოს მანსო როდრიგესს გლოვობენ. ოჯახის წევრები, მეგობრები და ადგილობრივები გუშინ ქალაქ ურუაპანში შეიკრიბნენ, რათა პატივი მიეგოთ პოლიტიკოსისთვის, რომელიც წინა დღეს ქალაქის ცენტრში მიცვალებულთა დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მოკლეს.
მექსიკის ფედერალური უსაფრთხოების მდივნის, ომარ გასრია ჰარფუჩის განცხადებით, მკვლელმა კარლოს მანსო როდრიგესს შვიდჯერ ესროლა. გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობისთვის გამოყენებული იარაღი ორ შეიარარებულ შეტაკებას უკაშირდება რეგიონში არსებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის.

„მექსიკის მთავრობისა და უსაფრთხოების კაბინეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამ მუხანათური თავდასხმის გამო. მექსიკის მთავრობის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და ურუაპანის მაცხოვრებლებს, რომლებიც დღეს ორგანიზებული დანაშაულის გამო მძიმე და უსამართლო დანაკარგს განიცდიან“, – განაცხადა მექსიკის ფედერალური უსაფრთხოების მდივანმა, ომარ გასრია ჰარფუჩმა.
შაბათს მანზო როდრიგესი სასიკვდილოდ დაჭრეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ადგილობრივი პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 14 წევრი იცავდა.

იგი ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ათობით ადამიანის თვალწინ მოკლეს „სანთლების ფესტივალზე“ – ღონისძიებაზე, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ „მიცვალებულთა დღის“ აღსანიშნად მოაწყო.
როგორც მექსიკის ფედერალური უსაფრთხოების მდივანი აცხადებს, მოკლული მერი 2024 წლის დეკემბრიდან გაძლიერებული დაცვის ქვეშ იყო. გასულ მაისში კი მისი უსფრთხოების ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა – მერის დაცვას მუნიციპალური პოლიციის თანამშრომლები და ეროვნული გვარდიის 14 წევრი დაემატა.

