მარტყოფის სარაგბო ბაზაზე 16 წლამდე მორაგბეთა ამხანაგური მატჩები გაიმართა. ახალგაზრდა მორაგბეები ერთმანეთს შვიდკაცა რაგბის სახეობაში შეეჯიბრნენ. ტურნირში მონაკოს ორმა ასაკობრივმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების მთავარი სტუმარი მონაკოს პრინცესა შარლინ უიტსტოკი იყო. პრინცესა შარლინი ასევე მონაკოს რაგბის კავშირის პრეზიდენტია, ის თავის ძმასთან, გარეტსა და 10-კაციან დელეგაციასთან ერთად პირადად დაესწრო ახალგაზრდა მორაგბეების თამაშებს.

ორგანიზატორების თქმით, ამ მატჩების მიზანია ახალგაზრდებში სპორტული ღირებულებებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავება.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ პრინცესა შარლინი მონაკოს რაგბის კავშირის პრეზიდენტია. ჩვენ აქ მოსამზადებელ პერიოდს გავდივართ დუბაის 16 წლამდელთა ტურნირისთვის. აქაურობა იდეალურია, კარგი მინდვრის საფარი, სათანადო აღჭურვილობები. მონაკო და საქართველო რაგბის კუთხით ძალიან მეგობრობენ. საქართველოდან ბევრი კარგი გუნდი ჩამოდის მონაკოში და სხვადასხვა ტურნირში მონაწილეობენ”, – განაცხადა ტიერი დანტესმა, მონაკოს რაგბის ვიცე-პრეზიდენტმა.

