პოლონეთის საჰაერო ძალებმა ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცეში გზა გადაუჭრეს რუსულ თვითმფრინავს, რომელსაც გადამცემი გამორთული ჰქონდა. თვითმფრინავს არ ჰქონდა ფრენის გეგმაც.
პოლონეთის ოპერატიული სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეიარაღებული ძალების მორიგე MiG-29 ტიპის ავიაგამანადგურებლებმა დღეს რუსეთის IL-20 ტიპის თვითმფრინავის იდენტიფიკაცია შეძლეს.
„თვითმფრინავს არ დაურღვევია პოლონეთის საჰაერო სივრცე… მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, მფრინავების პროფესიონალიზმისა და საჰაერო თავდაცვის სისტემის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, ოპერაცია ჩატარდა სწრაფად, ეფექტურად და უსაფრთხოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც NATO-ს, ისე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებული სიფრთხილით აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს მას შემდეგ, რაც ბოლო კვირების განმავლობაში არაერთი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევა გამოვლინდა, რაც სავარაუდოდ, რუსეთს უკავშირდება.
მას შემდეგ, რაც პოლონეთის თავზე რუსული დრონები ჩამოაგდეს და ესტონეთმა კი განაცხადა, რომ მის საჰაერო სივრცეში რუსული გამანადგურებლები შეიჭრნენ, NATO-მ მოსკოვი გააფრთხილა, რომ წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის თავიდან ასაცილებლად ყველა საშუალებას გამოიყენებს.
ამასთან, 23 სექტემბერს დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული რუსეთს უკავშირდებოდეს დანიის საჰაერო სივრცეში გამოვლენილი დრონებიც, რომელთა გამოც გასულ თვეში კოპენჰაგენის აეროპორტი რამდენიმე საათით დაიკეტა.
„რუსეთს არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ NATO და მისი მოკავშირეები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოიყენებენ ყველა საჭირო ინსტრუმენტს საკუთარი თავის დასაცავად და ყველა მიმართულებიდან მომავალი საფრთხეების შესაკავებლად“, – ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.


