კითხვაზე, აპირებს თუ არა ფინეთი რუსული გაზრდილი რუსული საფრთხის გამო მოსახლეობის ევაკუაციაშის ივარჯიშოს ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში განაცხადა, რომ ჰელსინკი ყოველთვის მზადაა საფრთხეებთან გასამკლავებლად…
ფინეთი, რომელიც თავდაცვის მაღალი მზადყოფნით გამორჩეულია, გაზრდილი რუსული საფრთხეების გამო შეიარაღებულ ძალებს კიდევ უფრო აძლიერებს. ოფიციალური ცნობებით, ჰელსინკი 2030 წლისთვის გადაიარაღების მორიგ პროცესს გეგმავს.
თავდაცვის ბიუჯეტიდან მილიარდნახევარი ევრო სწორედ საავიაციო საშუალებებისა და სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება. რისთვის ემზადება ფინეთი… როგორც ფინეთის თავდაცვის მინისტრი ანტი ჰაკანენი ამბობს, რუსეთი აგრესიის მეორე ფაზისთვის ამზადებს საფუძველს.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ ზრდიან ისინი საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა ადგილას. ამას მშვიდად ვეკიდებით, რადგან ეს ძველი გეგმაა. თუმცა, ახლა ვიცით, რომ რუსეთი მართლაც აძლიერებს თავის სამხედრო ძალას პოტენციური აგრესიის მეორე ფაზისთვის. ვგულისხმობ, რომ ისინი უკრაინის ომის შემდეგ ნატოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ. ისინი მართლაც ახდენენ თავიანთი სამხედრო ძალების მოდერნიზებას და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს. ამის ნიშნები ჩვენს საზღვრებზეც კი ჩანს“, – ამბობს ანტი ჰაკანენი, ფინეთის თავდაცვის მინისტრი.
როდესაც ფინეთი 2023 წელს NATO-ს შეუერთდა, ამ პატარა სკანდინავიურმა ქვეყანამ ალიანსში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი თავდაცვითი სისტემის მაგალითი შეიტანა. სისტემის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში რუსეთის მხრიდან მძიმე სცენარების მოლოდინში იქმნებოდა.
დიდი რეგულარული არმიის ნაცვლად, ფინეთი ეყრდნობა საყოველთაო სამხედრო გაწვევას, უზარმაზარ მომზადებულ სარეზერვო ძალებს და საზოგადოებას, სადაც ყველას აქვს თავისი როლი ეროვნულ თავდაცვაში.
ომის დროს ფინეთს დაახლოებით 280,000 ჯარისკაცის მობილიზება შეუძლია. 5.6 მილიონიან ერში, თითქმის ყოველ მეექვსე ადამიანს აქვს სამხედრო მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მისი გამოძახება შესაძლებელია.
ჰელსინკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებასაც. რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყანამ დაასრულა მთელი ქვეყნის მასშტაბით 50,500-ზე მეტი თავშესაფრის მონიტორინგი, რომლებშიც 5 მილიონამდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრების თითქმის 91% კონვენციური თავდასხმებისადმი საკმარისად მდგრადად არის შეფასებული, მათი 83% აღჭურვილია იმ სისტემებით, რომლებიც ბირთვულ, ბიოლოგიურ ან ქიმიურ საფრთხეებზეა გათვლილი.
ევროპაში რუსული დრონების ინციდენტების შემდეგ ფინეთის თავდაცვის მინისტრი საჰაერო თავდაცვის მიმართულებითაც მეტად თავდაჯერებულია.
„ფინეთს ამჟამად საკმარისად მაღალი დონის მზადყოფნა აქვს საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო დაზვერვის მიმართულებით. გვაქვს საკმარისი ძალა, ვიმოქმედოთ ნებისმიერ ვითარებაში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით. ამჟამად ჩვენი სისტემების ინტეგრაცია მიმდინარეობს ნატოში, და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საკანონმდებლო და ბიუროკრატიული სამუშაო ჯერ კიდევ დარჩენილია, ეს პროცესი სწორად და მიზანმიმართულად გრძელდება“, – თქვა ანტი ჰაკანენმა.
გასულ წელს ფინეთმა ასევე გამოსცადა და მოამზადა ომის დროინდელი შეთანხმებები კერძო ფირმებთან — 1,000-ზე მეტი კონტრაქტი — რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო მრეწველობისა და ბიზნესის გადასვლა ომის დროინდელ წარმოებაზე საჭიროების შემთხვევაში.
მუდმივი საბრძოლო მზადყოფნისთვის ფინეთი აქტიურად მონაწილეობს ნატოს სწავლებებში. ჰელსინკი აქტიურადაა ჩართული ნატოს ბირთვული შეკავების წვრთნებში სახელწოდებით „Steadfast Noon“, რომელიც მიმდინარე კვირას დაიწყო და 24 ოქტომბრამდე გრძელდება.
როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ფინეთის გაწევრებით ალიანსმა მოიპოვა პარტნიორი, რომელიც ომის პერსპექტივას განიხილავს, როგორც მუდმივ რისკს, და არა შორეულ შესაძლებლობას.