მას მერე რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო, შვედეთმა უსაფრთხოების დანახარჯები გაზარდა.
ოფიციალურმა სტოკჰოლმმა პირობა დადო, რომ სამოქალაქო თავდაცვისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს შვიდჯერ გაზრდიდა. და სწორედ გასული წლიდან, მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის პერიოდში აშენებული 64 ათასი თავშესაფრის მოდერნიზებისთვის შვედეთი 100 მილიონ შვედურ კრონს (დაახლოებით $9 მილიონი აშშ დოლარი) ხარჯავს ერთ წელიწადში.
“ეს თავშესაფარი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, არის კლდეშია გამოკვეთილი. ის მთის შიგნით მდებარეობს. მშვიდობიანობის დროს, როგორც ხედავთ, ის საპარკინგე ავტოფარეხია. მაღალი მზადყოფნის ან ომის შემთხვევაში, მანქანებმა უნდა დატოვონ აქაურობა და ადგილი დაუთმონ 1,200 ადამიანს. მას შეუძლია გაუძლოს აფეთქების ტალღას და ნამსხვრევებს, და მსგავს ეფექტს, რაც ბომბს ახლავს თავს. ის ჰერმეტულია, ამიტომაც უძლებს ქიმიურ გაზს, ან თუნდაც ბირთვულ ნარჩენებს. წლიურად 100 მილიონი არ არის საკმარისი ყველა თავშესაფრისთვის, მაგრამ… ვფიქრობ, ეს დამოკიდებულია მთავრობაზე, თუ რამდენ ხანს გააგრძელებს თანხის გამოყოფას ამისთვის. მთავრობის გეგმაა შვედეთში არსებული ყველა თავშესაფრის განახლება. და როდესაც ყველა თავშესაფარი განახლდება, შესაძლოა, დავიწყოთ ახლების მშენებლობა. ეს ჯერჯერობით მომავლის საქმეა“, –ამბობს ანდერს იოჰანესონი, შვედეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თავშესაფრების სპეციალისტი.
შვედეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, თავშესაფრების განახლების მთლიან პროცესს, მათ შორის ჰაერის ფილტრების გაუმჯობესებასა და გენერატორების შეცვლას, შეიძლება ორი ან სამი წელი დასჭირდეს. მთავრობა იმედოვნებს, რომ მომდევნო წლებში სამოქალაქო თავდაცვისთვის გაზრდილი დაფინანსება ამ პროცესის ტემპს დააჩქარებს.
გასული წლის ბოლოს, ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა გააფრთხილა, რომ შვედეთის მიმართ სამხედრო საფრთხე გაზრდილია და შეიარაღებული თავდასხმა არ არის გამორიცხული.
შვედეთში ახლახანს საინფორმაციო ბროშურა გამოიცა, სადაც კიბერ და ტერორისტულ თავდასხმებზე, პანდემიასა და ეკოლოგიურ საფრთხეებზე, ასევე თავდაცვის. ციფრული უსაფრთხოებისა და საჰაერო თავდასხმებისგან დაცვის შესახებაა საუბარი.