მთავარიამერიკამექსიკამექსიკაში კვლავ ეძებენ სტიქიის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულებს

მექსიკაში კვლავ ეძებენ სტიქიის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულებს

უახლესი მონაცემებით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ მექსიკაში დამანგრეველი წყალდიდობებისა და მეწყრული პროცესების გამო 300-ზე მეტი თემი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ათასობით სამხედრო და მოხალისე ამ დრომდე ცდილობს ჩახერგილი გზების გაწმენდას. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 64 ადამიანი,  ათობით კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. ოფიციალური პირების თქმით, ზარალის სრული მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია.

„სასოწარკვეთილები ვართ. ჩვენი თვალით ვნახეთ, რა ხდებოდა ქალაქში. მდინარის პირას სახლები სრულად ჩამოიშალა. აღარც მიწა ვარგა. მთელი ქალაქი განადგურდა, არაფერი დარჩა“, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული, სტეფანი რამირესი.

უხვი ნალექი მექსიკის დასავლეთ სანაპიროზე ერთდროულად ორი ტროპიკული შტორმის შედეგად მოვიდა, რამაც მდინარეებისა და ნაკადულების კალაპოტებიდან გადმოსვლა და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია.

მეხიკოში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი პრიორიტეტი გზების გახსნა და ასევე დაზარალებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების საკვებითა და წყლით მომარაგებაა. სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან მოხალისეებიც, რომლებიც დაზარალებული მოსახლეობის  დახმარებას თავიანთი ძალებით ცდილობენ.

„თემამდე მისასვლელად ექვსი ან შვიდი საათია საჭირო.  ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ვმუშაობთ და მათთან მისასვლელად გზებს ვეძებთ. გვინდა, გაიგონ, რომ ჩვენც შეშფოთებული ვართ მათი სიტუაციით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა  იმედი მივცეთ და თავი უსაფრთხოდ იგრძნონ“, – აცხადებს ერთ-ერთი მოხალისე, ნეპტალი როდრიგესი.

ცოტა მოშორებით, ბელია-ვისტაში, მოხალისეების კიდევ ერთმა ჯგუფმა ვერტმფრენი დაიქირავა, რათა ჩაპულიდან, რომელიც ბოლო დღეებში წყალდიდობის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა, მოხუცები და ბავშვები გამოიყვანონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend