ბელგიის საჰაერო ძალებმა ქვეყნის სამხედრო ავიაციისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპი აღნიშნეს. ფლორენისის ავიაბაზაზე ოფიციალურად მიიღეს პირველი სამი F-35 ტიპის მებრძოლი გამანადგურებელი თვითმფრინავი. ახალი თაობის ავია გამანადგურებლების მიღებას, ბელგიის მეფე, ფილიპე, დაესწრო.
ბელგია ეტაპობრივად ანაცვლებს თითქმის 40-წლიანი გამოცდილების მქონე F-16 თვითმფრინავებს, რეროვნული თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებად. ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები ახალი ავიაგამანადგურებლის გამორჩეულ შესაძლებლობებზე საუბრობენ.
„პილოტისთვის აუცილებელია მუდმივად ადაპტირდეს მტრის ტაქტიკებზე, დღეს ეს არის ერთ-ერთი რეალური საფრთხე და მინდა აღვნიშნო, რომ ეს გამანდგურებელი ნამდვილად განკუთვნილია ამ გამოწვევისთვის. იმ სენსორების წყალობით, რაც მე მაქვს, შემიძლია აღმოვაჩინო პატარა საფრთხეებიც კი, რომლებიც დაბალ სიმაღლეზე შეგვიძლია შევნიშნოთ. მსოფლიოში მხოლოდ ამ თვითმფრინავს შეუძლია ამის გაკეთება“, – ამბობს ბელგიის საჰაერო ძალების ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ტანგი ფივი.
ბელგიის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ახალი თაობის ავიაცია პილოტებს „უპრეცედენტო ოპერატიულ უპირატესობას“ აძლევს:
„F-35 ჩვენს პილოტებს ანიჭებს უპრეცედენტო ოპერატიულ ძალას. შორ მანძილზე დანახვა, სწრაფი რეაგირება და ზუსტი დარტყმა მანამ, სანამ მტერი მათი არსებობის შესახებ გაიგებს. თანამედროვე ომში სწორედ ეს წყვეტს ყველაფერს. უკრაინის ომი ნათლად გვაჩვენებს, რა ხდება მაშინ, როცა არც ერთ მხარეს არ აქვს ცის კონტროლი. შედეგად ვიღებთ ხანგრძლივ და დამღლელ ომს ყველა რესურსის ამოწურვამდე“, – განაცხადა ბელგიის შეიარაღებული ძალების სარდალმა ფრედერიკ ვანსინამ.
ბელგია გეგმავს 2030 წლამდე F-35-ის ფლოტის გაზრდას 34 ერთეულამდე, რაც ქვეყნის სამხედრო ავიაციას მთლიანად ახალ სტანდარტზე გადაიყვანს.

