პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომია.
პანელური დისკუსიის ფორმატში კიევის წინააღმდეგ კრემლის აგრესიასა და სამხედრო კონფლიქტის დასრულების გზებზე ისაუბრა უკრაინის საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა.
მისი თქმით, ეს არის ომი, რომლის მსგავსიც, დანაკარგებისა და ხანგრძლივობის თვალსაზრისით, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა:
„ვფიქრობ, ყველა, ვინც თვალს ადევნებს ამ ომს, იცის, რომ სირთულით, დანაკარგებითა და განგრძობითობით, მსგავსი საომარი მოქმედებები ევროპას არ უნახავს მეორე მსოფლიო ომის დროიდან. გემახსოვრებათ, უკრაინის ომი იყო ის, რაზეც ჩვენც კი, ამერიკის შეერთებული შტატები ვამბობდით, რომ სამ დღეში დასრულდებოდა.
გემახსოვრებათ, რომ ჩვენ, ამერიკამ შევთავაზეთ პრეზიდენტ ზელენსკის, ქალაქგარეთ გაგვეყვანა ის და მან განაცხადა: არ მჭირდება გაყვანა, მჭირდება საბრძოლო მასალები. მან რუსებსაც ასე მიმართა: თქვენ ნახავთ ჩემს სახეს, მაგრამ ვერ ნახავთ ჩემს ზურგს. ეს ომი უკვე მეოთხე წელია, გრძელდება… ასეთი დანაკარგები ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. საბჭოთა კავშირი გავიდა ავღანეთიდან, სადაც დაკარგა 16 000 პირი. ჩვენ გამოვედით ვიეტნამიდან და დავკარგეთ 65 000 პირი. ახლა საუბარი არის ასობით ათას დანაკარგზე“, – განაცხადა კიტ კელოგმა.
უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, მოსკოვმა ვერ მიაღწია ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დასახულ მიზნებს და მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის. მისივე თქმით, სამშვიდობო გეგმის დეტალები როგორც კიევმა, ისე მოსკოვმა უნდა განიხილონ:
„ომის ამჟამინდელი მიმდინარეობის გათვალისწინებით, საჯაროდ განვაცხადე, რომ რუსეთი ვერ იგებს ამ ომს. მათ გამარჯვების სხვა გაგება აქვთ, ისევე როგორც მე. მათ ვერ წაიწიეს დნიპროდან დასავლეთით, ვერ შეძლეს კიევის აღება, ვერც ოდესის, ვერ მიაღწიეს ვერც ერთ თავიანთ მიზანს. ეს იყო, ვციტირებ: სპეციალური სამხედრო ოპერაცია.
რუსებმა შეძლეს ლუჰანსკის ოლქის დიდი ნაწილის დაპყრობა, ასევე დონეცკის ოლქის დაახლოებით 70%-ის, დაახლოებით ამ რაოდენობის ტერიტორია დაიკავეს ხერსონსა და ზაპორიჟიაში და, რა თქმა უნდა, მათ აიღეს ყირიმიც, სადაც ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, უკრაინელები მაინც სიმამაცით იბრძვიან, ამიტომ, ვფიქრობ, საბოლოო მიზანი იქნება ის, რომ ომი დასრულდება, მკვლელობები შეწყდება, უკრაინის სუვერენიტეტი კი შენარჩუნდება…
ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ ან ცეცხლის შეწყვეტას ან სამუდამო მშვიდობას და ახლა უბრალოდ ამისკენ ვუბიძგებთ რუსებს, რათა პუტინმა გააკეთოს ეს არჩევანი… ვფიქრობ, გულის სიღრმეში ისიც კარგად ხვდება, რომ ვერ შეძლებს გამარჯვების მოპოვებას. ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს მისთვის არის მარცხის მომტანი ბრძოლა. ის უკრაინის დაქვემდებარებას ცდილობდა, მაგრამ ეს არ მოხდება. მას უნდოდა ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ეს არ მოხდა. თუმცაღა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახლახან განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ მზად არის, ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები…
ამერიკამ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინამ სამშვიდობო პროცესში საკვანძო როლი უნდა ითამაშოს, რადგან, რუსეთთან ერთად ისინი განსაზღვრავენ, როგორი იქნება სამშვიდობო შეთანხმება და ჩვენც მოგვიწევს დათმობებზე წასვლა. ეს არის უკრაინის მიწა. ეს მათი სუვერენიტეტია და ისინი ყოველთვის საკვანძო როლს ითამაშებენ ამ პროცესში…
ბავშვებმა არ უნდა იარონ სკოლებში, რომლებიც მეტროსადგურებშია მოწყობილი. ბავშვები არ უნდა აფარებდნენ თავს ბომბსაფრებში. თუკი ჩვენ, ზრდასრულები, ვაძლევთ ამ ყველაფერს არსებობის უფლებას, მაშინ ეს ჩვენი ბრალია. ჩვენ ნებისმიერი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რათა ეს არ მოხდეს“, – განაცხადა კიტ კელოგმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე.
ფორუმს პოლონეთის დედაქალაქი ორი დღის განმავლობაში მასპინძლობს. ვარშავაში იმყოფებიან არაერთი სახელმწიფოს ლიდერები, პოლიტიკოსები, ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.