მთავარიევროპაპოლონეთიგზავნილები ომსა და მშვიდობაზე - ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი დაიწყო

გზავნილები ომსა და მშვიდობაზე – ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი დაიწყო

მოსკოვი, როგორც ევროკავშირის ბლოკის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოებისა და დასავლური ცივილიზაციის მთავარი საფრთხე. ევროპის პოლიტიკური ლიდერები და ექსპერტები პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე შეიკრიბნენ.

ორდღიანი პანელური დისკუსიების ფარგლებში მათ პასუხი უნდა გასცენ არც თუ ისე მარტივ კითხვას – როგორ გაუმკლავდნენ კრემლიდან მომდინარე აგრესიას? ეს კი განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უფრო და უფრო აგრესიული ხდება დასავლური ქვეყნების მიმართ.

ფორუმის მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, საუბრის ნაცვლად დროულად იმოქმედონ. მისივე თქმით, არ შეიძლება უკრაინის ომის ისე განხილვა, თითქოს ეს მხოლოდ კიევის საზრუნავია.

„დასავლურ და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებებს უნდა ვაიძულოთ, გაიგონ, რომ ეს არის ომი. ჩვენ არ გვინდოდა ეს არასასურველი ომი. ეს არის ცოტათი უცნაური, ახალი ტიპის ომი, მაგრამ მაინც ომია… ერთდროულად პესიმისტურად და რეალისტურად ჟღერს.

მე მივეკუთვნები თაობას, რომელიც დაიბადა და გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. თუმცა იმ ომის კვალი და მოგონებები კვლავ ჩვენ ცხვირწინ აღმოჩნდა. საშინელი კადრები ვიხილეთ ბუჩიდან, რეპორტაჟები ქალების გაუპატიურების, ბავშვთა და მოხუცთა მკვლელების მოწმეთა შესახებ. მახსენდებოდა ბებიაჩემის სიტყვები, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს გდანსკში მომხდარ ამბებზე მიყვებოდა. როდესაც ნანგრევებად ქცეულ მარიუპოლს ვუყურებდით, ვხედავთ პოლონურ ქალაქებს. არც ისე მოხუცი ვარ, მაგრამ როდესაც გდანსკში ვსწავლობდი, ქალაქში, საიდანაც ვარ წარმოშობით, ჩემი სკოლისკენ მიმავალი გზა ომის შემდეგ ნანგრევებად იყო ქცეული.

მეგონა, რომ ომის შემდგომი დრო იყო რაღაც დაუსრულებელი, განსაკუთრებით გდანსკში, სადაც წარმოიშვა სოლიდარობა და სადაც დაემხო კომუნიზმი. კომუნიზმის დასრულება, საბჭოთა კავშირის დაშლა, პოლონეთისა და რეგიონის ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენა – შეიძლება, მაშინ ჩანდა, რომ არა მხოლოდ ჩემი თაობა, არამედ ჩემი შვილებისა და შვილიშვილების თაობები ეღირსებოდნენ მშვიდობას.

ახლა უნდა გავაცნობიეროთ და მოდით, ნუ ვიცხოვრებთ ილუზიებში. მშვიდობა ერთხელ და სამუდამოდ არ გვეძლევა. ამიტომ ღრმად უნდა დავფიქრდეთ მშვიდობაზე, ომსა და დასავლური ქვეყნების ერთობაზე. აზრთა გაცვლა, რაც თქვენი შეხვედრების ნაწილია, აუცილებელია, მაგრამ ქმედება სიტყვებზე მნიშვნელოვანია. და ეს არის ის, რაც ხმამაღლა და მკაფიო უნდა ვთქვათ, განსაკუთრებით აქ, პოლონეთში, რათა ჩემმა თანამემამულეებმა შეძლონ ამის მოსმენა. ეს ომი – ჩვენი ომია.

ვარშავასა თუ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ხშირად გვესმის, როცა ვიღაცები ამბობენ: ეს არ არის ჩვენი ომი. მასთან არანაირი საქმე არ უნდა გვქონდეს. აიძულეთ, მათ იბრძოლონ, თვითონ მოაგვარონ საკუთარი პრობლემები. არ გვინდა ჩვენი ფულისა და დროის ხარჯვა. არ გვინდა ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის გაღება.

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქმე უკრაინის სიყვარულს არ ეხება. ეს არის სოლიდარობის საკითხი იმ ქვეყნისადმი, რომელიც აგრესორის სამიზნედ იქცა.

ეს არის დასავლური ცივილიზაციის უსაფრთხოებისა და მდგრადობის შენარჩუნების შესაძლებლობა. ეს არის ჩვენი ომი, რადგან ომი უკრაინაში არის იმ საშინელი პროექტის ნაწილი, რომელიც დროდადრო შეეხება ყველას მსოფლიოში… რა ვუყოთ ამ ავტორიტარულ, დესპოტურ, ბარბაროსულ რეჟიმს? არ ჩამოვთვლი პუტინისა და მისი რეჟიმის, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული რეჟიმების მახასიათებლებს, მაგრამ გეტყვით – მოგწონთ თუ არა, ეს ჩვენი ომია…

პოლონეთი მალევე მიხვდა, რომ უსაფრთხოებაზე ეკონომია არ შეიძლება. პოლონეთი მალევე მიხვდა, რომ სოლიდარობა და ევროკავშირის, ნატოსა და ტრანსატლანტიკური ოჯახის ერთიანობა არის აუცილებელი პირობა არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ მათზე გასამარჯვებლად, ვინც ჩვენ თავს გვესხმის…

ბევრისთვის გასაკვირად, პრეზიდენტმა ტრამპმაც საჯაროდ განაცხადა: დიახ, უკრაინას შეუძლია ომის მოგება. ეს არის მნიშვნელოვანი და ძალიან იმედისმომცემი სიტყვები“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

დასავლელი პოლიტიკოსები თანხმდებიან – მოსკოვის ბოლოდროინდელი ქმედებები უკვე აჩვენებს, რომ კრემლი უკრაინაზე გაჩერებას არ აპირებს. რუსული აგრესიის შეკავების მნიშვნელოვან წინაპირობად ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის გაძლიერებას ასახელებს. უკრაინის პრეზიდენტი ვარშავის ფორუმს კიევიდან, ვიდეოფორმატში ჩაერთო.

„ყველამ, ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს, ერთხელ უნდა აგოს პასუხი ამ ყველაფერზე. ეს ეხება ყველას, ვინც ირჩევს ომს და დგება რუსეთის მხარეს – დაწყებული ოლიგარქებითა და პოლიტიკოსებით, დასრულებული ნებისმიერი იმ ადამიანით, ვინც მოსკოვის ხელქვეითი ხდება. ვხედავთ, რამდენად მკაფიოა ეს საქართველოში. დღეს ევროპისათვის საქართველო დაკარგულია. შესაძლოა, ის ოდესღაც დაბრუნდება, თუმცა ამისთვის ევროპამ იქ მიმდინარე მოვლენებზე თვალი არ უნდა დახუჭოს. ჩვენს რეგიონში რუსეთის ნებისმიერი ფორმით გაძლიერება ეს არის დანაკარგი ევროპისთვის. ამიტომაც ჩვენ არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს უფლება, დავკარგოთ არც ერთი დღე და არც ერთი ქვეყანა“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის პრეზიდენტმა.

საქართველოს შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, როგორც ამბობს, „ცოტათი არ ეთანხმება“ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, ქართველი ხალხი ევროპის გზაზე ჯერ კიდევ განაგრძობს ბრძოლას:

„ჩვენ ჯერ კიდევ არ დავმარცხებულვართ! ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით! ჩვენ ჯერ კიდევ ქუჩაში ვართ. მე თავად ვარ ქუჩაში. ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, მეტი ყურადღება, მეტი აქტიური ჩართულობა.

ევროკავშირს შეუძლია და ვალდებულია, რომ მეტი გააკეთოს როგორც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის, ისე ჩვენთან პოლიტიკური მხარდაჭერისათვის. და თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა თავისი შიდა პრობლემები და გადაწყვეტილების მიღების სირთულეები უნდა დაძლიოს, ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენ ველით და რისიც გვჯერა. ჩვენ გვჯერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის!“

ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპული მომავლის დასაცავად არ გამორჩენია ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრს, ბენჟამინ ჰადადს. თუმცა დიპლომატი ყურადღებას ამახვილებს იმ აუცილებელ რეფორმებზეც, რომლებიც ევროკავშირში გაწევრების მთავარი წინაპირობაა.

„პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს. მიუხედავად ყველაფრისა, რეფორმები უნდა გაგრძელდეს. თუკი, პროცესის თვალსაზრისით, მაშინვე ვერ ხედავთ წინსვლას, არ შეიძლება, შეაჩეროთ რეფორმები.

რეფორმები თავისთავად კარგია ქვეყნისთვის იმისდა მიუხედავად, დაუყოვნებლივ დაიწყება თუ არა გაფართოების პროცესი… იმ დროს, როდესაც ევროპაში, შესაძლოა, ბევრი ადამიანი იყოს დაღლილი ევროკავშირით, თქვენ უბრალოდ უნდა გაიაროთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ქუჩებში, სადაც ახალგაზრდები მხოლოდ იმიტომ ხდებიან სამიზნე, რომ ევროპულ დროშებს აფრიალებენ, როგორც ეს 11 წლის წინ მაიდანზე მოხდა, დასავლეთ ბალკანეთში, სადაც ქვეყნები რეფორმებით წინ მიიწევენ.

ევროპის სული ზოგჯერ კანდიდატ ქვეყნებში უფრო გხვდება, ვიდრე ბრიუსელის ოფისებში. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის სტიმულისა და შთაგონების მომცემია და გვახსენებს, რომ თუ ევროკავშირის მიმართ ცინიკურად ხართ განწყობილი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც რეალურად რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს ამ ოჯახში გაწევრებისთვის.  ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები და ზეწოლა მოვახდინოთ უნგრეთსა და იმ ქვეყნებზე, რომლებიც ხელს უშლიან ამ პროცესს“, – განაცხადა ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა ბენჟამინ ჰადადმა.

ვარშავის ფორუმის მთავარი ფოკუსი მოსკოვიდან მომდინარე საფრთხეებია, თუმცა მონაწილეთა დღის წესრიგში ეს არ არის ერთადერთი საკითხი. სახელმწიფოთა მეთაურები, დიპლომატები და ექსპერტები განიხილავენ ყველა მნიშვნელოვან თემას, რომლებიც განსაზღვრავს თანამედროვე ევროპის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და მომავლის ხედვას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend