დანიაში მიაჩნიათ, რომ კოპენჰაგენის აეროპორტში დრონების შეჭრაში შესაძლოა რუსეთიც იყოს ჩართული. პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ რუსეთის როლი გამორიცხული არ არის, თუმცა კრემლმა ბრალდებებს „უსაფუძვლო“ უწოდა.
ინციდენტი ორშაბათს, 22 სექტემბერს, საღამოს მოხდა, როცა კასტრუპის აეროპორტის ტერიტორიაზე რამდენიმე დრონი შენიშნეს და უსაფრთხოების მიზნით ფრენა რამდენიმე საათით შეჩერდა.
ფრედერიქსენის თქმით, ეს იყო „დანიის ინფრასტრუქტურაზე დღემდე ყველაზე მძიმე თავდასხმა“ და ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა და საზოგადოება თანამედროვე ეპოქაში.
ამ ფაქტიდან მალევე, ნორვეგიაშიც მოხდა ანალოგიური შემთხვევა — ოსლოს აეროპორტი სამი საათით დაიხურა, ხოლო თოთხმეტი რეისი გადაიდო. ნორვეგიის პოლიციის უსაფრთხოების სამსახური იკვლევს, ხომ არ უკავშირდება ოსლოში გამოვლენილი დრონები კოპენჰაგენის შემთხვევას.
ბოლო დროს რუსულმა დრონებმა და თვითმფრინავებმა არაერთხელ დაარღვიეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჰაერო სივრცე. მოკავშირეები რუსეთს უგუნურ ქმედებებში ადანაშაულებენ და უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ.


