საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები „ევრობასკეტი 2025-ს“ გამოეთიშა. ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დაძაბულ ბრძოლაში ფინეთის ეროვნულ ნაკრებთან 79:93 დამარცხდა.
ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო, სანდრო მამუკელაშვილი გახდა – მას 22 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. ძალიან კარგი იყო ასევე დუდა სანაძე, 19 ქულითა და 5 მოხსნით. თორნიკე შენგელიამ მატჩი 18 ქულით, 4 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
გუნდის კაპიტანმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:
„ამაყები უნდა ვიყოთ, რადგან ყველას დავუმტკიცეთ, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებდით. უფრო შორს გასვლაც შეგვეძლო, ასე არ მოხდა, მაგრამ, იმედია, მომავალში ამასაც მივაღწევთ.
კმაყოფილი ვარ თუ არა მსაჯობით? ამას იმიტომ თუ მეკითხებით, რომ ვთქვა – მსაჯებმა წაგვაგებინეს, ასე არ არის, მეტოქემ სამართლიანად გაიმარჯვა. მეტიც შეგვეძლო, მაგრამ გუნდის თითოეული წევრით ვამაყობ!
უღრმესი მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც აქ ჩამოვიდა, ამხელა გზაზე. ნახეთ, ალბათ, როგორი შეძახილები იყო მთელი მატჩის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც უმრავლესობა ტელევიზორს იყო მიჯაჭვული და გვქომაგობდა, მათაც ძალიან დიდი მადლობა. ერთადერთი რისი თქმაც მინდა, იმედი მაქვს, რომ თქვენ გულშემატკივრები ჩვენით ამაყობთ“.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერბმა სპეციალისტმა ალექსანდარ ჯიკიჩმა მისი გაწვრთნილი გუნდი შეაქო და ევრობასკეტზე გამოსვლა დადებითად შეაფასა:
„ჩემი პირველი მიზანი იყო, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავსულიყავით და ჩვენ ეს გავაკეთეთ. მეორე მიზანი იყო, რომ რიგაში ჩამოვსულიყავით და ესეც გავაკეთეთ. შემდეგ მერვედფინალში ჩვენი მეტოქე დავამარცხეთ და რაღაც მომენტში, ვფიქრობ, რომ ფინეთისთვის რთული მეტოქე ვიყავით. ახლა კი, თქვენ მითხარით, კმაყოფილი უნდა ვიყო? მე ამაყი ვარ. ხანდახან პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი, სწორედ ამიტომ ვარ ასეთი ამაყი იმის, რაც აქ გავაკეთეთ.
ჩვენ კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. საერთოდ არ ვარ ქართველებთან მუშაობის წინააღმდეგი და ძალიან ვამაყობ ამ ბიჭებით. მხოლოდ ჩვენ ვიცით, რა პრობლემები გვქონდა. თქვენ ეს არ იცით, რადგან ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ ისე, რომ პრობლემებზე არ გვესაუბრა”, – თქვა ჯიკიჩმა.
საქართველოს ნაკრები ემშვიდობება ისტორიულ ევრობასკეტს. ქართველმა კალათბურთელებმა ისტორიაში პირველად იასპარეზეს ევრობასკეტის 8 საუკეთესო გუნდს შორის.