მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდი გახსნით შეხვედრაში საკუთარ მოედანზე თურქეთის ნაკრებთან 2-3 დამარცხდა. მატჩის შემდგომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ დაცვაში დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა. მისი თქმით, თურქეთმა საქართველოს მარტივი გოლები გაუტანა.
„პირველი ნახევარი დავიწყეთ ძალიან ცუდად. ორი გოლი რაც გავუშვით ჩვენთვითონ მოვიგონეთ. სამწუხარო ის არის, რომ სტანდარტულიდან გავუშვით ორი გოლი. ამან ძალიან უკან დაგვხია. ასე არ შეიძლება. საკუთარი შეცდომებით მივიღეთ სამივე გოლი. გული მწყდება, მესამე გოლი ჩემი შეცდომით გავუშვით. 3-0-ის შემდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ. განსაკუთრებით წინა ხაზში. 3-0-ის შემდეგ ძალიან გვიანია ფეხბურთის თამაშის დაწყება. ძალიან გული მწყდება, რომ ესეთი შედეგი დაფიქსირდა,” – ამბობს საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია.
თურქეთის ნაკრების კაპიტანი ჰაქან ჩალჰანოღლუ გამარჯვებით ბედნიერია. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებისგან უფრო მეტს ელოდნენ.
„ეს მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახალი ციკლის გამარჯვებით დაწყება ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ საქართველო ძალიან ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს ძალიან კარგად. სიმართლე, რომ ვთქათ დღეს მათთგან უფრო მეტს ველოდით. ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და თამაში მარტივი არ არის. თუმცა ჩვენ გავიმარჯვეთ და ამით ბედნიერები ვართ,” – ამბობს თურქეთის ნაკრების კაპიტანი, ჰაქან ჩალჰანოღლუ.
საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ 7 სექტემბერს დინამო არენაზე გამართავს.

