პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში, სიმინდის ყანაში ჩამოვარდნილი და აფეთქებული მფრინავი ობიექტი რუსული დრონია. ვარშავამ მოსკოვი პროვოკაციაში დაადანაშაულა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, იმ დროს, როცა მსოფლიო უკრაინაში ომის სამშვიდობო შეთანხმების გზით დასრულებაზე მუშაობს, კრემლი NATO-ს პროვოცირებას ცდილობს.
„ეს იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან კიდევ ერთი პროვოკაცია, ეს იყო რუსული დრონი. გაითვალისწინეთ, რომ ეს მოხდა მაშინ, როდესაც მიმდინარეობს სამშვიდობო მოლაპარაკებები და არსებობს იმედი, რომ დასრულდება ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის სახელმწიფოს გამოუცხადა. თუმცა ეს ომი, ასევე, საფრთხეს უქმნის NATO-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას. ასეთ დროს რუსეთი კვლავს პროვოკაციას აწყობს. ეს აჩვენებს, რომ როდესაც პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობაზე საუბრობს და ყველაფერს აკეთებს მის მისაღწევად და როდესაც უკრაინაც მზადაა ამისთვის, რუსეთი პროვოკაციისა და ჰიბრიდული ომის სტრატეგიას ირჩევს. რუსეთი მომხდარზე პასუხისმგებლობას არ აიღებს ისევე, როგორც არ აიღო მოლდოვაში რვა, რუმინეთში სამი, ლიეტუვაში სამი, ლატვიაში ორი და ბულგარეთში მომხდარი ერთი ინციდენტის დროს, რომ აღარაფერი ვთქვათ სარაკეტო ინციდენტზე. რუსეთი ამას არასდროს აღიარებს“, – აცხადებს პოლონეთის ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში.
ადგილობრივი პოლიცია განმარტავს, რომ, დრონის ჩამოვარდნის თაობაზე ინფორმაცია დილის ორ საათზე მიიღეს. დრონის აფეთქების შედეგად რამდენიმე სახლის ფანჯარა ჩაიმსხვრა.
მოვლენებს სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა და განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში უკრაინისა და ბელარუსის მხრიდან პოლონეთის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის არაერთი შემთხვევა იყო, რამაც ევროკავშირისა და NATO-ს შეშფოთება გამოიწვია.