ტაილანდისა და კამბოჯის სამეფოები ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტაზე შეთანხმდნენ – ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს მალაიზიაში 28 ივლისს შეხვდნენ.
მალაიზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანაა და პრემიერ-მინისტრმა ანვარ იბრაჰიმმა მედიატორის როლი შეასრულა. მედიასთან საუბრისას მან განაცხადა, რომ მხარეები ცეცხლს დღეს, ადგილობრივი დროით შუაღამისას შეწყვეტენ. მისივე თქმით, ტაილანდისა და კამბოჯის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს დაევალათ, შეიმუშაონ დეტალური მექანიზმი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესანარჩუნებლად და საზღვარზე დაძაბულობის განსამუხტად.
ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და პირობა დადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა 300 000-მდე მოქალაქემ სახლებში დაბრუნება შეძლოს.
„ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ჩვენ გვქონდა სასიამოვნო შეხვედრა და ძალიან კარგი შედეგები. ეს იმედს გვაძლევს, რომ დაუყოვნებლივ შევაჩერებთ საბრძოლო მოქმედებებს, რომლებმაც იმსხვერპლა უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ადამიანებს სახლების დატოვება აიძულა. გვყავს დაახლოებით 300 000-ამდე ლტოლვილი ორივე მხრიდან, 140 000 კამბოჯის მხარეს, 160 000 – ტაილანდის. ვიმედოვნებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ანვარის მიერ ახლახან გამოცხადებული შეთანხმება შექმნის პირობას, რომ ორმხრივი დისკუსია წარიმართოს, რათა დავუბრუნდეთ ნორმალური ურთიერთობების რიტმს და შევქმნათ საფუძველი მომავალი დეესკალაციისთვის“, – განაცხადა კამბოჯის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ჰუნ მანეტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს დაურეკა და მიღწეული წარმატება მიულოცა.
„მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ანვარის, ჩინეთის მთავრობასა და პრეზიდენტ ტრამპს კეთილგანწყობისა და შეშფოთებისთვის. დღეს ჩანს, რომ ტაილანდს სურს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა. ჩვენი სუვერენიტეტისა და ხალხის სიცოცხლის დაცვის პარალელურად, ვეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტას იმ გარანტიით, რომ ორივე მხარე წარმატებულად და პატიოსნად დაიცავს პირობებს“, – განაცხადა ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ფუმტამ ვეჩაიაჩაი.
23 ივლისს ტაილანდისა და კამბოჯის საზღვარზე სამხედრო შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუთი ტაილანდელი ჯარისკაცი ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა, ერთ-ერთმა კი ფეხი დაკარგა. მომხდარში ბანგკოკმა კამბოჯა დაადანაშაულა.
ხუთდღიანი შეტაკებების შემდეგ დაღუპულია 35 ადამიანი, ხოლო 300 000-მდე მოქალაქეს სახლის დატოვება მოუწია.