არგენტინის მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ. ეს განცხადება 28 ივლისს შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა დედაქალაქ ბუენოს-აირესში, არგენტინის პრეზიდენტთან გამართული დახურული შეხვედრების შემდეგ გააკეთა.
კრისტი ნოემმა და არგენტინის უსაფრთხოების მინისტრმა პატრიცია ბულრიჩმა უვიზო მიმოსვლაზე მუშაობის ინიციატივას ხელი უკვე მოაწერეს, თუმცა, პროცესი, სავარაუდოდ, 2 ან 3 წელიწადს გაგრძელდება.
არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და მისი პოლიტიკის მხარდამჭერია.
დღეისათვის მსოფლიოში სულ 42 სახელმწიფოა, რომელთა მოქალაქეებსაც შეერთებულ შტატებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. ლათინურ ამერიკაში კი ჩილე ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ პროგრამაშია ჩართული.