არგენტინის პატაგონიის რეგიონის მთების ფერდობები, ტყის ძლიერი ხანძრების გამო კვამლის ღრუბლებითაა დაფარული. მძვინვარე ხანძრები საფრთხეს უქმნის ცნობილი ეროვნული პარკის უზარმაზარ ტერიტორიას.
ლოს-ალერსესის ეროვნული პარკის დიდი ნაწილი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და სადაც 2 600 წლის ხეები ხარობს, ამჟამად ცეცხლშია გახვეული.
ამ ხანძარმა, რომელიც არგენტინაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე შემთხვევად მიიჩნევა, ჩრდილოეთ პატაგონიაში უკვე გაანადგურა 40 000 ჰექტარზე მეტი ტყე. ათასობით ადგილობრივი მცხოვრები და ტურისტი კი ევაკუირებულია.
მეხანძრეებისა და პარკის თანამშრომლების განცხადებით, მათ არ ჰყავთ საკმარისი პერსონალი იმისთვის, რომ ამ მასშტაბის სტიქიურ უბედურებას გაუმკლავდნენ.
„ჩვენ გვჭირდება დიდი რესურსები, რადგან ამხელა ხანძარს ვერ ვუმკლავდებით. არც პერსონალია და არც ტექნიკა საკმარისად. ცენტრალური ხელისუფლება ყურადღებას არ იჩენს. ზოგადად დიდი თანხა იხარჯება საგანგებო სიტუაციებზე. თუმცა, მგონია, რომ უკეთესი იქნება პრევენციაზე ვიზრუნოთ. სწორედ ამისთვის გვჭირდება მეტი პერსონალი და ტექნიკა. ხელისუფლება ჩვენ არ გვისმენს. რესურსებს უაზროდ ფლანგავენ“, – ამბობს პარკის რეინჯერი და მეხანძრე, ცეზარ ტოლედო.
პროფესიონალი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე იმყოფებიან მოხალისეები ადგილობრივი მოსახლეობიდან. ისინიც ამბობენ, რომ ხელისუფლება არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც საბოლოოდ ასეთ შედეგებს იწვევს.
„მილეის მთავრობამ ჩვენთვის არანაირი რესურსი არ გამოყო. ეროვნული პარკების ბრიგადებში არ არის საკმარისი პერსონალი. ასეთივე ვითარებაა ტყის ხანძართან ბრძოლის სამსახურისა თუ ხანძართან ბრძოლის ეროვნული სამსახურის შემთხვევაში. მათ სასაცილო ხელფასები აქვთ. ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ ხანძრებთან ბრძოლით არიან დაკავებული, 700 000 პესოს უხდიან, მაშინ როცა სამხრეთში საბაზისო საკვები კალათის ღირებულება თითქმის ორჯერ მეტია. ხანძრებთან ბრძოლისთვის გამოყოფილი რესურსებიდან ჩანს, რომ მთავრობას რეალურად არ ანაღვლებს შედეგი“,- აცხადებს მოხალისე მეხანძრე, აილინ ფეუ.
პარკის რეინჯერების თქმით, ბიუჯეტის შემცირებების გამო პერსონალი საკმარისი აღარ არის, რათა ვიზიტორებს პარკის მოვლისა და დაცვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. კრიზისი კი არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის მკაცრმა ეკონომიურმა პოლიტიკამ გამოიწვია. რასაც ათასობით ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა. მათ შორის არიან ეროვნული პარკების თანამშრომლები.
ლოს-ალერსესის ეროვნულ პარკში კი ძლიერი ხანძარი მძვინვარებს და არავინ იცის, როდის და რა შედეგებით დასრულდება სტიქია.
