ახალი კვლევის მიხედვით, მოზარდები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ხელოვნურ ინტელექტს ემოციური მხარდაჭერისა და გადაწყვეტილებების მისაღებად. 70%-ზე მეტი მოზარდი ხელოვნურ ინტელექტს უკვე მეგობრად თვლის, მესამედისთვის კი ასეთი საუბრები ისეთივე დამაკმაყოფილებელია, როგორიც რეალური ურთიერთობები.
ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ტენდენციამ შეიძლება დააზიანოს სოციალური უნარები და ფსიქიკური ჯანმრთელობა, რადგან მოზარდები თავს არიდებენ რეალურ გამოწვევებს და პრობლემის მოსაგვარებლად ხელოვნურ ინტელექტს მიმართავენ. არსებობს იმის საფრთხეც, რომ პლატფორმები შეიცავდეს არარეგულირებულ ან არასათანადო კონტენტს.
„როცა მათ ეკითხები, უმრავლესობა მაინც ამბობს, რომ მეტ დროს ატარებს რეალურ მეგობრებთან და ადამიანებთან საუბარი უფრო აკმაყოფილებთ. მაგრამ თუ ჩავუღმავდებით, გარკვეულწილად, შემაშფოთებელ საკითხებსაც აღმოვაჩენთ. ვიცით, რომ ბევრი ბავშვი ამ პლატფორმებს იყენებს სოციალური ურთიერთობისთვის. აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ნინტელექტის მომხმარებელთა მესამედი სერიოზულ საკითხზე სწორედ მასთან მსჯელობს. ეს ჩემთვის, როგორც მშობლისა და ბავშვის ჯანმრთელი განვითარების ინტერესის მქონე ადამიანისთვის, საგანგაშოა. ჩვენ უკვე ვისწავლეთ სოციალური მედიის გამოცდილებიდან, რომ კომპანიები ამ პროდუქტებს ქმნიან ისე, რომ რაც შეიძლება მეტი გამოყენება და ყურადღება მიიქციონ მოკლე დროში. ვფიქრობ, ეს ინსტრუმენტებიც ამ მიზნითაა შექმნილი“, – განაცხადა Common Sense Media-ის მთავარი მკვლევარი მაიკლ რობიმ.
„ხელოვნური ინტელექტი ყოველთვის საინტერესოა, ყოველთვის მართალია, ემოციურად გამართლებულია და სწორია. არასოდეს უნდა იდარდო, ცდები თუ მართალს ამბობ, რადგან ის თითქმის სარკისებურად მუშაობს – ზუსტად იმავეს გეუბნება, რაც გინდა მოისმინო. ეს, რა თქმა უნდა, მიმზიდველია, მაგრამ ხშირი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება საშიში იყოს. მე, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენე ცოტა ხნით. ძალიან საინტერესო იდეაა, რომ შეგიძლია ისტორიული პერსონაჟების, ცნობილი ავტორების ან სერიალებისა და ფილმების გმირების სიმულაცია შექმნა, ერთ ოთახში შეკრიბო და ნახო, როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს, ან თვითონ ესაუბრო მათ“ – განაცხადა 18 წლის ხელოვნური ინტელექტის მომხმარებელმა განეში ნაირიმ.
კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ მოზარდს სჯერა, თითქოს ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა ემოციური თვალსაზრისით უფრო სასარგებლოა, რადგან ის ყოველთვის გაძლევს სასურველ პასუხს. ეს ზრდის დამოკიდებულების საფრთხეს და აზიანებს კრიტიკულ აზროვნებასა და შემოქმედებითობას.
საზოგადოება განსაკუთრებით მას შემდეგ არის შეშფოთებული, რაც 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სპეციალისტები ამბობენ, რომ კომპანიები მსგავს პლატფორმებს ქმნიან იმისთვის, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩაერთონ ამ სისტემაში, თუმცა ეს მათი მარტოობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისს უფრო მეტად ამწვავებს.