უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი „იბერია 1999” შვედეთის ჩემპიონ „მალმეს” დღეს, 15 ივლისს, შეხვდება. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა, სტუმრების გამარჯვებით 3-1 დასრულდა. შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად „იბერიამ” მეტოქე სულ მცირე 2 ბურთიანი სხვაობით უნდა დაამარცხოს.
„იბერია 1999-ის” მთავარი მწვრთნელის, ლევან კორღალიძის თქმით, გუნდი მოედანზე მოგებისთვის გავა და შეეცდება, რომ მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვოს. „იბერიას” ფეხბურთელების თქმით, ორბურთიანი სხვაობის მიუხედავად საქართველოს ჩემპიონი მომდევნო ეტაპზე გასვლის შანს კვლავ ინარჩუნებს და შვედეთის ჩემპიონის დამარცხებისთვის ისინი ყველაფერს გააკეთებენ.
„მალმეს” მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ ის მეტოქისგან აგრესიულ ფეხბურთს ელის, რადგან „იბერიას” ახლა მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.
„მათ თამაშის მოგება სჭირდებათ. შესაბამისად, ეს გარემოება გავლენას იქონიებს, თუ როგორ მიუდგებიან ისინი ამ შეხვედრას. ვფიქრობ, პირველ შეხვედრაშიც საკმაოდ აგრესიული თამაში აჩვენეს. ვიცით, რომ „იბერია” კონტრშეტევებზე საკმაოდ ძლიერია. გვჯერა, რომ აქაც ამის გაკეთებას შეეცდებიან – ითამაშონ აგრესიული პრესინგი და კონტრშეტევებზე თავისი შანსი გამოიყენონ. შეტევისას მაღალი ხარისხი აჩვენეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მაღალი პრესინგი ვითამაშოთ და თავი კარგად დავიცვათ”, – ამბობს „მალმეს“ მთავარი მწვრთნელი, ჰენრიკ რიდსტრიომი.
„საქართველოს ჩემპიონისგან განსხვავებით, განმეორებით შეხვედრამდე, „მალმეს” შვედეთის ჩემპიონატში ერთი თამაშის ჩატარება მოგვიწია”, თუმცა გუნდის მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ ამან შეიძლება მის გუნდზე დადებითი გავლენაც იქონიოს.
„ამას შეგვიძლია სხვადასხვა კუთხით შევხედოთ. ჩვენ ამ შეხვედრაში გავიმარჯვეთ, შესაბამისად, ბევრი დადებითი ენერგია მივიღეთ. ასევე ძალიან კარგად ვითამაშეთ, ამიტომ შეგვიძლია ეს მომდევნო მატჩზეც გადავიტანოთ. მენტალურადაც გაგვაძლიერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ პირიქით კარგი იყო ეს მატჩი, რომ ჩავატარეთ”, – ამბობს „მალმეს” მთავარი მწვრთნელი.
„მალმეს“ ფეხბურთელი კოლინ რიოსლერი ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და გუნდი ეცდება თბილისში დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
„ჩვენი მიზანია, რომ მოედანზე გავიდეთ და შევუტიოთ. ჯერ მხოლოდ ერთი ტაიმი ვითამაშეთ. დასრულებული არაფერია. ჩვენ ვნახეთ, რომ „იბერია” ძლიერი გუნდია, შესაბამისად, ჩვენ თამაშზე სრულად უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, მოედანზე სწორი მიდგომით გამოვიდეთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“, – ამბობს კოლინ რიოსლერი.
გუნდებს შორის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა, სადაც მისი მეტოქე „ლევადიასა” და „რფს-ს” შორის გამარჯვებული იქნება. დამარცხებული გუნდი კი უეფას კონფერენსლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.