მთავარისაქართველოთანადგომით გაძლიერებულნი

თანადგომით გაძლიერებულნი

აჰმედ საფაროვმა 2011 წელს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. რეაბილიტაციის პროცესი წლების მანძილზე გრძელდება. ახლა აჰმედი მის თანამებრძოლებთან ერთად სპორტულ ცხოვრებას აქტიურად მისდევს.

წეროვნის მარო მაყაშვილის სარეაბილიტაციო ცენტრში ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული მებრძოლები პარასპორტის 12 სხვადასხვა სახეობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. მათთვის ეს მხოლოდ შეჯიბრება არ არის — ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გზაცაა.

სპორტული კვირეული 30 ივნისს გაიხსნა. საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ თავდაცვის ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლები და ისაუბრეს, რატომაა მნიშვნელოვანი  დაჭრილ მებრძოლთა ჯანმრთელობასა და მათ ოჯახებზე ზრუნვა. დასკვნით ღონისძიებაზე წეროვანში ოჯახის წევრებისთვის სპეციალური მიღებაც გაიმართა.

„მიზანი ერთადერთია, რომ ამ ადამიანებს შევუმსუბუქოთ მათი მდგომარეობა და ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია”, – ამბობს ირაკლი უჯმაჯურიძე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

კვირეულის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედროების მიმართ ყურადღებისა და სითბოს გამოხატვა იყო. „ამ თანადგომამ მოგვიყვანა დღემდე. ასე გაგვაძლიერა და უფრო მეტი შემართებით ვიდგებით ჩვენს ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა…“ – თქვა კაპრალმა ალეკო გითოლენდიამ. მანაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება სამშვიდობო მისიის შესრულების დროს მიიღო… და ეს ყველაფერი არაა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2018 წელს კომპანია „სილქნეტმა“   ქართველი გმირების  მხარდასაჭერად დააარსა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.  „ფონდის მხარდაჭერა გამოიხატება მედიკამენტების დაფინანსებაში, ოპერაციები, რეაბილიტაცია, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ…“ – ამბობს მაიორი ივერი ბუაძე, იგი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციარია.

დაშავებულ მებრძოლებს სჭირდებათ საკმაოდ ძვირადღირებული  მკურნალობა, რომელიც ითვალისწინებს მედიკამენტებით უზრუნველყოფას, სარეაბილიტაციო კურსებს, გადაუდებელ ოპერაციებს საქართველოსა და უცხოეთში…. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“  მთავარი დონორი კომპანია „სილქნეტია“, რომელმაც 2018 წლიდან დღემდე 2 331 000 ლარი გაიღო გმირი მებრძოლებისა და მათი ოჯახის წევრების  საჭიროებებისთვის. გარდა მკურნალობის დაფინანსებისა,  ფონდი საშუალებას აძლევს დაშავებულ სამხედროებს, ახალ პროფესიას დაეუფლონ, რაც დიდი ფსიქოლოგიური მოტივაციაა თითოეული მათგანისთვის. კაპრალმა ალეკო გითოლენდიამ სწორედ ფონდის დახმარებით ოქრომჭედლობა შეისწავლა, ხოლო აჰმედ საფაროვმა ეპოქსიდზე მუშაობის ხელობის კურსი გაიარა.

„გადავწყვიტე და დახმარება ფონდს ვთხოვე. დამეხმარნენ. ჩემი ოცნება ამისრულდა. ვაკეთებ სუვენირებს, ახლაც ერთი სული მაქვს, როდის წავალ და მივუბრუნდები ხელსაქმეს..“ – ამბობს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო აჰმედ საფაროვი.

დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლთა საჭიროებებისთვის ფონდში  შემოწირულებები შეაქვთ სხვადასხვა მსხვილ და საშუალო კომპანიასა და კერძო პირებსაც. დაჭრილ მებრძოლთა მკურნალობას ფონდთან ერთად აფინანსებს თავდაცვის სამინისტრო. წლების განმავლობაში გახარჯული თანხა დაახლოებით 5 მილიონს შეადგენს.  კვირეული დასრულდა, თუმცა სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებზე კვლავაც აქტიურად ზრუნავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend