მთავარიევროპადანიადანიელი ქალები სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან

დანიელი ქალები სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მოწოდებების პარალელურად, სამხედრო ინვესტიციები გაზარდეს. ევროპულმა სახელმწიფოებმა ინდივიდუალურად დაიწყეს მუშაობა იმ რეფორმებზე, რომლებიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.

ამ ქვეყნებს შორისაა დანიაც, რომელმაც სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაზე ზრუნვა ჯარში ქალების გაწვევით დაიწყო. თავდაპირველად, ეს რეფორმა 2024 წელს უნდა გაეტარებინათ, თუმცა გეგმა 2027 წლისთვის გადაიდო. საბოლოოდ კი ახლა, 2025 წლის ზაფხულში ამოქმედდა.

„ვფიქრობ, რომ იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა მსოფლიოა, ეს აუცილებლობას წარმოადგენს და სამართლიანია, რომ ქალები მამაკაცებთან ერთად პროცესის თანაბარი მონაწილეები იყვნენ. თუმცა ჩემთვის გარკვეული სირთულეებიც არსებობს, მაგალითად, აღჭურვილობა და ფორმა ხშირად ძალიან დიდია. ასევე, ბევრი წინაღობაა, რომლის გადალახვაც გიწევს, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს“, – ამბობს წვევამდელი, კეტრინი.

დანიის კანონმდებლობის თანახმად, 18 წლის ან უფროსი ასაკის ყველა ფიზიკურად ჯანმრთელი მამაკაცი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას ექვემდებარება, თუმცა რაკი ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის მოხალისეა, არსებობს ლატარიის სისტემა, რომლის გამოც ყველა მამაკაცს სამხედრო სამსახურის გავლა არ უწევს.

ქალებს 2025 წლის ზაფხულამდე მხოლოდ მოხალისეობა შეეძლოთ. 2024 წელს წვევამდელების მეოთხედს სწორედ ქალები შეადგენდნენ, თუმცა დანიის პარლამენტის მიერ 11 ივნისს მიღებული დადგენილებით, ქალები, რომლებიც 2025 წლის პირველი ივლისის შემდეგ 18 წლის გახდებიან, ლატარიის სისტემაში მამაკაცებთან ერთად თანაბარ პირობებში მიიღებენ მონაწილეობას.

„ვხედავთ, რომ ევროპული უსაფრთხოება აღარაა მოწოდების სიმაღლეზე. გვაქვს მიმდინარე კონფლიქტი უკრაინაში. ჩვენი ყურადღება ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენაა, სადაც დანია ბევრ ჯარისკაცს აგზავნის. ამრიგად, ვფიქრობ, რომ ეს დადგენილება დანიის თავდაცვის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია“, – ამბობს დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯის მკვლევარი, რიკე ჰაუგეგორდი.

ექვსმილიონიანი მოსახლეობის მქონე დანიას დაახლოებით 9000 პროფესიონალი ჯარისკაცი ჰყავს. ახალი შეთანხმებით, სავარაუდოდ, 2033 წლისთვის ქვეყანას ყოველწლიურად 6500-მდე ახალწვეული ეყოლება, რაც 2000-ით მეტია იმაზე, რამდენსაც ახლა იწვევენ.

„ეს გადაწყვეტილება დაფუძნებულია ევროპული უსაფრთხოების არსებულ მდგომარეობაზე და სწორედ ამიტომ ვზრდით წვევამდელთა რაოდენობას, სწორედ ამიტომ გვჭირდება მეტი საბრძოლო ძალა“, – ამბობს დანიის თავდაცვის სარდლობის გაწვევის პროგრამის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი კენეტ სტრომი.

დანიის მთავრობამ შექმნა 7-მილიარდიანი ფონდი, რომელიც ქვეყნის თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 3%-მდე გაზრდის.

დანია არაა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ქალების გაწვევის პრაქტიკას მიმართა. იქამდე, 2013 წელს ნორვეგიამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, სამხედრო სამსახურში გაწვევას ორივე სქესი ექვემდებარება. 2017 წელს კი, მსგავსი კანონი შვედეთმაც მიიღო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend