ილია თოფურიამ ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!
ამ გამარჯვებით „ელ მატადორი” UFC-ის ორი წონის ჩემპიონი გახდა.
დაუმარცხებელი ქართველი ჩემპიონი (17-0) მსუბუქი წონის ახალი მეფეა! მის ანგარიშზე პროფესიულ კარიერაში 17 გამარჯვებაა და არცერთი მარცხი. აღსანიშნავია, რომ ამ მოგებებიდან 15 არის ფინიშით, რაც დროზე ადრე გამარჯვებას ნიშნავს. მისი მეტოქე, ჩარლზ „დუ ბრონქს” ოლივეირა, ამ წონის ყოფილი ჩემპიონი და UFC-ის რეკორდსმენია. მის ანგარიშზეა ორგანიზაციაში ყველაზე მეტი ფინიშით გამარჯვება (20).

ილია თოფურიამ ამ ბრძოლით საღამოს საუკეთესო პერფორმანსის ჯილდო და ბონუსად 50 000 დოლარი მიიღო.
გამარჯვების შემდგომ მაყურებელმა ილია თოფურიას წინაშე მისი სავარაუდო მეტოქე, პედი პიმბლეტი, იხილა. ოქტაგონის ცენტრში ბრიტანელ მებრძოლთან ქართველ მატადორს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოუვიდა.
UFC 317 აშშ-ში, ლას ვეგასში გაიმართა. ღონისძიებას 19 800 მაყურებელი ესწრებოდა.